3 ივლისს, 09:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 

"გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი თბილისის საგამოცდო ცენტრებს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში გამოცდების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, საგამოცდო სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.  ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვლია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე  ხვალიდან მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 
2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი  სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. 
გამოსაცდელებს მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრამდე დამატებითი ტრანსპორტიც მოემსახურება. მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.


2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება. 


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, არ დაიგვიანონ გამოცდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშებიან. გამოცდაზე დაშვების პირობაა, რომ მონაწილემ წარმოადგინოს ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. 


მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე. ყველა აპლიკანტი ვალდებულია გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.  


აუცილებელია გამოსაცდელებმა გაითვალისწინონ, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არც ერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (პარამეტრები: გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და ზედმეტი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტრში შესვლისთანავე, სპეციალურად მოწყობილ ადგილას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება." - ინფორმაციას  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

 იხილეთ დეტალური განრიგი.