შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას „Carl Zeiss“-ის წარმომადგენლობისგან კავკასიის რეგიონში საჩუქრად გადაეცა კარლ ცაისის წარმოების სინათლის პოლარიზებული მიკროსკოპი Primotech-ი ინტეგრირებული ვიდეოკამერით.
ღონისძიებას შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლელა წიწუაშვილი, კარლ ცაისის ფონდის წარმომადგენელი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ნინო ლომუაშვილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიკროსკოპი მუზეუმის თანამშრომლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს რუტინულ სამუშაოს, ის კომფორტული ხელსაწყოა მკვრივი მასალების შესასწავლად.
კარლ ცაისის კავკასიის წარმომადგენლობა თითქმის 15 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოში და ამ ხნის მანძილზე მრავალი ინოვაციური და წარმატებული პროექტი განახორციელა მედიცინასა და მეცნიერებაში. კარლ ცაისის წარმოება გამორჩეულია მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს შორის როგორც ინოვაციური და ზუსტი ოპტიკურ-ელექტრონული სისტემების გამომგონებელი და მწარმოებელი. ის ცნობილია თავისი მიკროსკოპებით, ლუპებით, ლინზებითა და სამედიცინო სისტემებით. კარლ ცაისმა შექმნა პირველი მიკროსკოპი და მის კომპანიას, რომელიც 1847 წელს დაარსდა იენაში, დღემდე უკავია გამორჩეული ადგილი როგორც ოპტიკური ინოვაციური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობებისა და ნახევარგამტარი სისტემების წარმოებაში. რაც შეეხება კარლ ცაისის ფონდს, იგი 1889 წელს შეიქმნა მეცნიერ ერნსტ აბეს მიერ, მისი მიზანია სამეცნიერო კვლევების, განათლებისა და ინოვაციების ხელშეწყობა. ფონდი აფინანსებს უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ პროგრესსა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენას.
შეგახსენებთ: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობით 2023 წლიდან ხელოვნების მუზეუმის შენობაში წარმატებით ფუნქციონირებს ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. 542 კვ/მ ფართობის სივრცეში მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომლის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევა, ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. საქართველოში აქამდე მსგავსი შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტიკურობის დადგენასა და ა. შ.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარ „ირემს“ ექსპერტული კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.