საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში ოთარ მეგრელიძის წიგნის, „ძველი პატერიკის“, პრეზენტაცია გაიმართა.

მხატვარ-კალიგრაფის, ოთარ მეგრელიძის, მიერ შექმნილი ხელნაწერი წიგნად მოამზადა და გამოსცა გამომცემლობა „ბაკმმა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, წიგნის ავტორი ოთარ მეგრელიძე მეუღლე  მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლთან ერთად, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, გამომცემლობა „ბაკმის“ ხელმძღვანელი რუსუდან მოსიძე, სამხატვრო აკადემიის პროფესორები, სტუდენტები, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

წიგნის მხატვარმა, კალიგრაფმა და რედაქტირებული ვერსიის შემდგენელმა ოთარ მეგრელიძემ წყაროდ ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის გამოცემა (2005 წ.) გამოიყენა.

წიგნში თავმოყრილია საეკლესიო მოღვაწეების – წმინდა მამების ცხოვრების ამსახველი თქმულებანი, ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა სწავლებანი და დარიგებები. ეგვიპტის უდაბნო სამოღვაწეო ასპარეზად აირჩიეს მამებმა, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე უფალს მიუძღვნეს. სწორედ აქ ჩაისახა და ჩამოყალიბდა მონაზვნური ცხოვრება. IV საუკუნის დასაწყისიდან არსებობდა სამონასტრო დასახლებები, სადაც ღვთის სიყვარულით ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები.

ბერმონაზვნობის ფუძემდებელ მამათა სწავლებანი ქრისტიანული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წყაროა. წმინდა ბერების გამონათქვამები, მათი ამბები გვასწავლის, რას უნდა ეფუძნებოდეს ქრისტიანის ცხოვრება.

სათნოება, სიმდაბლე და სიყვარულია ადამიანად ყოფნის საფუძველი. ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ, ხოლო არაფერია „სიყვარულზე სრულყოფილი“ და „სიმდაბლეზე უმაღლესი“. „სიმდაბლე სატანის ყველა მახეს თავს აღწევს,“ - ამბობს ამბა ანტონი.

წმინდა მამები უდაბნოში მიდიოდნენ, საკუთარ გულსა და გონებას უღრმავდებოდნენ და ძვირფას სულიერ მარგალიტებს გვიტოვებდნენ. ამიტომაც არის ფასდაუდებელი საუნჯე ღირსი მამების გამონათქვამები, რომლებიც თავმოყრილია „ძველ პატერიკში“.

წიგნი განკუთვნილია რელიგიური ლიტერატურით, კალიგრაფიითა და მინიატურებით დაინტერესებული პირებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.