თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კახა ლაბუჩიძის თავმჯდომარეობით განათლებისა და კულტურის კომისიის 14 სხდომა გაიმართა, რომლებზეც განხილულ იქნა 24 საკითხი.
მაჟორიტარის ანგარიში ასევე მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს, ისე ისნის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სოციალური მიმართულების პროექტებს.
კახა ლაბუჩიძემ ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში ისნის რაიონში განხორციელებულ იმ შვიდ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელდა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება. მუზეუმს შემეცნებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისათვის.
პრეზენტაციისას კახა ლაბუჩიძემ დამსწრე საზოგადოებას მისივე ინიიცირებული პროექტების ჩამონათვალი გააცნო, მათ შორისაა „წლის მკითხველის“ წოდების დაფუძნება თბილისის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად.
ამ ინიციატივას საგამომცემლო სექტორმა აქტიურად დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესდა ჯილდო, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი, ნოვატორული ხედვის დიზაინერების დაჯილდოებას.
დაფუძნდა ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, რომლის მიზანია თბილისის ბავშვთა ფოლკლორული (კერძო და არა სახელმწიფო დაფინანსების მქონე) გუნდების მოტივაცია, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; წელს ფესტივალი მეორედ და უფრო მასშტაბურად გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში: საუკეთესო გუნდი, სოლისტი, ლოტბარი, დუეტი, აღდგენილი სიმღერა, საუკეთესო ტრიო, ავთენტიკურობის ნიშნით გამორჩეული გუნდი, მგალობელთა გუნდი და ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი ანსამბლი.
სსიპ N32-ე საჯარო სკოლას მიენიჭა აფხაზეთის ომის გმირის, ბაბუშარას აეროპორტში დაღუპული ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის, ბესარიონ კივილაძის და სამაჩაბლოს ომში დაღუპული კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის, ალექსანდრე თანდაშვილის, სახელი;
ქალაქ თბილისის N30 საჯარო სკოლას კი ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის, სახელი მიენიჭა.
განათლების და კულტურის კომისიამ გოჩა ჩოგოვაძის, ვლადიმერ შარვაშიძის, გია ყანჩელის, ჯემალ ცერცვაძის, ალბერტ თავხელიძის, ლავრენტი ჩხარტიშვილის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფების განთავსების საკითხზე იმსჯელა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, კომისიის უშუალო ინიციატივით 20-ზე მეტი ფართომასშტაბიანი, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება ჩატარდა. საანგარიშო წლის პერიოდში დაფინანსდა საერთაშორისო ღონისძიებები (ESU, Eurodesk), სტუდენტური და თეატრალური ფესტივალები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და სხვა.
საკრებულოს წევრმა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამები. 2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1 256 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, 412 წარმატებული მაგისტრანტი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახიდან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებიდან 740-მა მიიღო თბილისის მერიის სტიპენდია.
კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 180-ზე მეტი პროექტი, 35 საიუბილეო და შემოქმედებითი საღამო, 35-მდე ფესტივალი და კონკურსი; აგრეთვე დაფინანსდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციების მიერ ინიციირებული 10-მდე პროექტი, გამოფენა და კონცერტი.
კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში დაფინანსდა 15 საგამომცემლო, 2 ვიზუალური ხელოვნების და 9 დიზაინის და რეწვის მიმართულების პროექტი. მიმდინარე წელს მედიახელოვნების პროექტებისთვის დამოუკიდებელი მიღება გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 17 პროექტი.
„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფინანსდა 11 პროექტი. დაფინანსდა „ლივინგ მუზეუმი თბილისი“, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულებითი მდგომარეობის მქონე მოზარდთა რეაბილიტაცია-პრევენციას ისახავს მიზნად.
ამასთან, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან წარმატებულად ხორციელდება. 2023 წელს პროგრამაზე დარეგისტრირდა 3008 მოქალაქე.
კახა ლაბუჩიძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, კერძოდ: ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმის სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერაბ კოსტავას მუზეუმის სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ლადო ასათიანის სახელობის №6 და აკაკი ბაქრაძის სახელობის №18 ბიბლიოთეკების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.
ანგარიშის წარდგენისას კახა ლაბუჩიძემ მუზეუმების გაერთიანების საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, მუზეუმების გაერთიანებამ მიიღო BP-ის გრანტი, 200 000 ა.შ.შ დოლარის ოდენობით. გრანტის ფარგლებში აღიჭურვა ამიერკავკასიაში პირველი სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორია, მომზადდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის აუდიოგიდი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორი ნინი სანადირაძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ბაღების და სკოლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.