„დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხირვად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.
„თითოეულ ჩვენს თანაშრომელს, ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩართულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მადლობას ვუხდი. მადლობა იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლები ახლაც ასრულებენ სამუშაოებს. მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც წერეთლის გამზირზე იმყოფება. განსაკუთრებული მადლობა კი ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის, რომელთა თანადგომით ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. მათ ამ ხნის მანძილზე ხმაურს, ტალახს და მტვერს გაუძლეს. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობაზე დგას ეს ქალაქი და ვერანაირი სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს მის განვითარებას, წინსვლას. ამიტომ, მაქსიმალური ენერგიით, მეტი ცოდნით და შრომისმოყვარეობით გავაგრძელოთ თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.