თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა, რომლის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი დაანონსდა, პირველი, რითაც ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო, თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის გადატანა იყო.
თბილისის მერის განცხადებით, ატრაქციონების პარკს ანალოგი არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ აქვს და იგი ყველაზე მასშტაბური პარკი იქნება.
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს დენდროლოგიური პარკი, რომელიც, დაახლოებით, 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. ტერიტორიის უნიკალური სარეკრეაციო პოტენციალი და ბიომრავალფეროვნება მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის სხვა ზონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის. პარკი ასევე ესაზღვრება თბილისის ახალ ზოოპარკს. ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, რომ განვახორციელებდით ახალ პროექტს - ჩავატარებდით შესაბამის სამუშაოებს ისე, რომ დენდროლოგიური პარკი შენარჩუნებული იქნებოდა, თუმცა პირველი, რაც გავაკეთეთ, ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადმოტანა იყო.
ქალაქის ცენტრში გვაქვს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მისი მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით. შესაბამისად, დავგეგმეთ ზოოპარკის გადატანა ტერიტორიაზე, რომელიც, დაახლოებით, 50 ჰექტარს შეადგენს და პირდაპირ ესაზღვრება დენდროლოგიურ პარკს. გვინდა, რომ პირველ რიგში, ეს პროექტი - ზოოპარკის გადმოტანა დავასრულოთ და შემდეგ უკვე პარკის განახლება-რეაბილიტაცია მოვახდინოთ.
გამომდინარე იქედან, რომ თბილისის ზღვა ერთგვარ დანიშნულების წერტილად იქცა, როგორც ზოოპარკის, ისე დენდროლოგიური პარკის ვიზიტორებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დენტროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მოვაწყოთ ატრაქციონების გრანდიოზული პარკი, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ გვაქვს. იგი რეგიონში ყველაზე მასშტაბური გასართობი პარკი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, გასართობი პარკის დაგეგმარებაში ჩაერთვებიან ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტები და გამოიყენებენ ისეთ ანალოგებს, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა.
„პარკის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც სხვა არაერთი პროექტის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქისთვის გაკეთებული არაერთი სასიკეთო საქმისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. გასართობი პარკის დაგეგმარება მოხდება ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების მიერ და გამოყენებული იქნება ისეთი ანალოგები, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა. ტერიტორია დაიყოფა რამდენიმე ზონად - განთავსდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, საბავშვო, ექსტრემალური და ოჯახური ზონები, კვების ობიექტები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გამწვანებასა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული მწვანე საფარი, დამატებით ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და განთავსდება პარკისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
„რაც მთავარია, შენარჩუნებული იქნება არსებული მცენარეული საფარი და ხე-მცენარეები. დამატებით მოხდება ტერიტორიის გამწვანება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე არ არსებობს მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათება და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რაც პროექტის ფარგლებში მოეწყობა. პარკში გართობა და დასვენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება. ატრაქციონების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებისა თუ საღამოების მოწყობა. დარწმუნებული ვარ, თავისი მრავალფეროვნებითა და მასშტაბით, პარკი გახდება მიმზიდველი ლოკაცია არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის, არამედ მას აქტიურად ეწვევიან მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები და ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საფინანსო ორგანიზაციებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
„ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი თბილისი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებას, იქნება ეს დასვენება, გართობა, კულტურა თუ სხვა არაერთი მიმართულება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. როგორც უკვე გითხარით, ზემოთხსენებული გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში თავის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. მინდა, წარმატებები ვუსურვო, პირველ რიგში, ჩვენს ქალაქს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, სულ მალე არაერთი პატარის გაბრწყინებულ თვალებს ვიხილავთ, რომლებიც ამ ადგილის მთავარი გმირები გახდებიან და დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.