„ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანვე, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.
„უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.










