დედაქალაქის მერის თქმით, UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევთან დიდი ხანია მეგობრობს, თუმცა, მისთვის „ფერარი“ არ უჩუქებია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
„ხამზატთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ის წარმატებული სპორტსმენია, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ამჯერად, თბილისშიც იყო, სხვადასხვა რეგიონშიც. მასაც უყვარს ქართველები, აქაურობა. ბევრი მეგობარი ჰყავს აქ და ხშირად სტუმრობს საქართველოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩიმაევი მოძრაობის წესებს არღვევს, თბილისის მერის თქმით, თუ ეს მოხდა, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაწერს.
„ვინ არის პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილი ვიცით რას წარმოადგენს, აკაცუკების ერთ-ერთი წარმომადგენელია. თუ ხამზატმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაუწერს.
რაც შეეხება „ფერარს“, მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიკავა, რომელიც ავტოსალონ „ფორცა თბილისის“ მფლობელია. სხვათაშორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი „ფერარი“ ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.