თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის (პოლონეთი) რექტორთან ზბიგნევ ოსადოვსკისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური მხარდაჭერით,  სლუპსკის უნივერსიტეტში დავების გადაწყვეტის ცენტრს დააარსებენ.

ცენტრი ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებას, ასევე, იზრუნებს აკადემიური და დავის გადაწყვეტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების განვითარებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით,  ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის. „მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს შევუწყობთ სტუდენტთა სტაჟირებას; პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს; ერთობლივად ვიმუშავებთ დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შედგენასა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებაზე“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობაა და ამ თანამშრომლობის შედეგია ყოველწლიური ერთობლივი კონფერენციების ჩატარება, ერთობლივი ჟურნალის გამოცემა, ახლა კი - დავის გადაწყვეტის ცენტრის დაარსება“- განაცხადა სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის რექტორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური/ინსტიტუციური რესურსებით ხელს შეუწყობენ სტუდენტთა სტაჟირებას და პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს, გააერთიანებენ ძალისხმევას დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შემუშავებისა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებისთვის.