საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა იხილეს ეროვნული არქივის კინოკოლექციაში დაცული დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“ (1975 წელი), რომელიც მაყურებელს ისტორიკოსის ღვაწლზე მოუთხრობს.

 კინოჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი“ დაათვალიერეს. ექსპოზიცია საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება და მასზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული საბუთები და ფრესკების რეპროდუქციები.

 ღონისძიებას „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის 150-ზე მეტი მოსწავლე ესწრებოდა. ეროვნული არქივის ხელშეწყობით გამართული ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია იყო.

 ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, რათა ახალგაზრდა თაობაში ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.