,,დაბა სტეფანწმინდაში დასკვნით ფაზაშია ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. შენობა შედგება სამი ნაწილისგან და წარმოადგენს სამუზეუმო კომპლექსს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ისტორიული ნაგებობები, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ძირითადი სამშენებლო ნაწილი წარმატებით დასრულდა“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. რეაბილიტაცია უტარდება და შენდება სამუზეუმო კომპლექსის სამი შენობა - ისტორიული მუზეუმის შენობა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლი. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ ნაგებობებს, სადაც დამონტაჟდა გათბობის, ვენტილაციის, ხანძარქრობის და ყველა სხვა საჭირო სისტემები. მიმდინარეობს კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია სამუზეუმო კომპლექსის შიდა აღჭურვა - მუზეუმოგრაფია, რათა გათვალისწინებული იყოს ექსპონატებისთვის საჭირო განათება, ავეჯი და სხვა სპეციფიკური ატრიბუტები. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა სტეფანწმინდაში კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული და შემეცნებითი ცენტრი გაჩნდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და და მისი ღირებულება 13.5 მილიონ ლარზე მეტია.
სტეფანწმინდაში, ასევე მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამის „ქალაქებისა და კურორტების განვითარება“ ფარგლებში, განახლდება ტურისტული არეალები. პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების ფასადებისა განახლება-რეაბილიტაციასა და რესტავრაციას და დასასვენებელი პარკის მოწყობას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით აფინანსებს.
,,მნიშვნელოვანია დაბა სტეფანწმინდაში ,,ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს დაბის ცენტრალური და შემოსასვლელი არეალის, ასევე მიმდებარე შენობების სრულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში სტეფანწმინდას ექნება 3,5 ჰექტარზე მოწყობილი ახალი პარკი, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა სივრცეები ყველა ასაკის დამსვენებლისათვის. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი დაბისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი ტურისტული პოტენციალის მეტად განვითარებას“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.