განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრაზე ითქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი არ გადაიხედება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, როგორ განხორციელდება ეს პროცესი დროში და რა პროცედურები იქნება საჭირო. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენელი, უკლებლივ ყველა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებას, თუმცა სამინისტრო და მინისტრი შეუვალ პოზიციაზე რჩებიან. ვუთხარით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი ბრენდი და მისი ხელყოფა დაუშვებელია. ასევე აღვნიშნეთ, რომ ლოგისტიკურად პროგრამების გაერთიანება უკიდურესად რთული პროცესია. მე პირადად ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის გამყარების ერთ-ერთი რგოლია. მინისტრის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ გაერთიანება ხარისხს გააუმჯობესებს, თუმცა როგორ - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.







