"გადაიხადე 50%“ - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დავალიანების მქონე აბონენტებისთვის წამახალისებელ აქციას იწყებს, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევრის ავტომატურად ჩამოჭრას სთავაზობს.

აქციის პირობების, ასევე დავალიანების ოდენობის დასაზუსტებლად აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიას: ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ასევე ონლაინ ჩათის და ფეისბუქის მეშვეობით, ან მიმართონ კომპანიის სერვის ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში - ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.

დავალიანების 50%-ის დაფარვა შესაძლებელია ოფისში მისვლის გარეშე. აბონენტმა საკმარისია დარეკოს ცხელ ხაზზე, ან ისარგებლოს კომპანიის ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერატორი მომხმარებელს მარტივად ჩართავს აქციაში და დაეხმარება დავალიანების ჩამოწერაში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართონ უახლოეს სერვისცენტრს.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება, რამდენადაც აქციის პირობები ამის საუკეთესო საშუალებაა.