მედიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ნებისმიერი ამგვარი ქმედება, ვისგანაც არ უნდა იყოს, უნდა იყოს გამყარებული მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით. როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ქვეყანაში ორი მაუწყებლის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულია, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ეს ვერავითარ შემთხვევაში განხილული დადებით კონტექსტში. პირიქით, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ეს გადაწყვეტილება ზოგადად ტელემაუწყებლებს შორის სამართლიანი კონკურენციისთვის, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის და მთლიანად მედიაპლურალიზმისთვის წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. გულორდავამ ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი ან პრეტენზია არავის შეუტანია და შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა.