განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკისა და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კეისუკე ნაგატას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაფართოებაზე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე.
მინისტრმა სტუმრებს განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იაპონიის წამყვან კვლევით ცენტრებთან (KEK და J-PARC) თანამშრომლობაზე, რაც მხარეების თქმით, სამეცნიერო პარტნიორობის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.
გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა იაპონიასთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მან განაცხადა, სიმბოლურია, რომ შეხვედრა სწორედ საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავის აღნიშვნის დღეს დაემთხვა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცუკუბას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.
თავის მხრივ, იაპონურმა მხარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს სტუმრობისთვის. ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კეისუკე ნაგატამ კი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები, სამომავლო პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.








