საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზანია, საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში.
მინისტრის განმარტებით, ფორმების მაღალ სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, ისევე როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ რაიმე შეზღუდვა არ არის. ესეც მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძის თქმით, ორკესტრირებული, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, თუ სხვა, მრავალ ქვეყანაში უდიდესი მოცულობა იმ ნაჭრისა, რომელიც გამოიყენება სასკოლო ფორმისთვის, სწორედ რომ პოლიესტერს წარმოადგენს. ის ბევრად მდგრადია და ფორმას შენარჩუნების და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ფორმების ხარისხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სპეკულაციური მოწოდება იმის შესახებ, თითქოსდა ვნებს ახალგაზრდებს, ბავშვებს, არის სრული სიცრუე. ეს არის მიზანმიმართული კამპანიის და მშობლების შეცდომაში შეყვანის კონკრეტული მცდელობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.







