თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გივი ჩხარტიშვილი ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან შინაარსობრივ განხილვაში შესვლა შეუძლებელია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ქალაქის განვითარებას.
„კოლექტიურ ოპოზიციასთან ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას და ახალი პროექტების განხორციელებას. მათ არ მოსწონთ არცერთი პროექტი, რომელიც ქალაქის საკეთილდღეოდ ხორციელდება. ადამიანებთან, რომლებიც მოღალატეობრივ ქმედებებში არიან მხილებულნი, ქალაქის განვითარებაზე საუბარი რთულია. ისინი ლობიზმში იმ მილიონებს იხდიან, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოჰპარეს. ეს თანხები 2008 წლის ომიდან არის წაღებული“- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.