თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე და ტრაგიკულია.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
„1921 წლის 25 თებერვალი ჩვენი ისტორიის მძიმე და ტრაგიკული დღეა. დღე, როდესაც რუსეთის მე-11 არმიამ სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ შეძლო საქართველოს ოკუპაცია. ამ დღეს სამშობლოსათვის მებრძოლი ერის ღირსეული შვილები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებას მსხვერპლად შესწირეს. სწორედ სულის ასეთ სიძლიერესა და უდრეკ ხასიათზე დგას ჩვენი ქვეყანა. ქედს ვიხრით სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირების წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.