თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვაკის პარკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
გიორგი ტყემალაძემ გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ფეისბუქ პოსტში დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ასეთ დროს სრულიად უადგილოა ოპოზიციის მიუღებელი პოლიტიკური ინსინუაციები დედაქალაქის მერის მიმართ და ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. „ერთი კვირა გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო და უმძიმესი დაღი დაასვა ჩვენს გულებს. თანავუგრძნობთ მარიტას ოჯახს, მეგობრებს, უბედურ შემთხვევას გადარჩენილ ბავშვებს კი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ. ეს მხოლოდ მარიტას ოჯახის ტრაგედია არ არის, უამრავ გულმოკლულ ადამიანთა შორის არის ქალაქის მერი, ვართ ჩვენ და მერწმუნეთ, სულის სიღრმემდე შეძრულნი ვართ ყველანი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც დაისმის ამ მძიმე ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გარშემო. ამასთან, კანონის წინაშე თანაბრად პასუხისმგებელია საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად თანამდებობრივი ცენზისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. მიმაჩნია, რომ ასეთ დროს სრულიად უადგილოა ოპოზიციის მიუღებელი პოლიტიკური ინსინუაციები დედაქალაქის მერის მიმართ და ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. პირიქით, ასეთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების კონსოლიდაციას, ობიექტურ ანალიზსა და დასკვნებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძე.