ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაურის“ შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, რადგან: არც აჟიოტაჟი აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც, ალბათ, მის დამგეგმავებსა და დამფინანსებლებს სურდათ, და არც „კრიტიკა“ არის ისეთი წონიანი, რომ "ჩიტი ბრდღვნად ღირდეს". ამიტომ მოკლედ ვიტყვი:- მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული: საკმარისია წიგნის სატიტულო ფურცელს შეხედოთ და დაინახავთ, რომ მას გარკვევით აწერია — პირველი ნაწილი.- ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
შესაბამისად, ოდნავი განათლება და კიდევ უფრო ოდნავი შინაგანი კეთილსინდისიერება სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პირველ ნაწილში, თან თემატურ სახელმძღვანელოში- 1921 წლის მოვლენები ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. ის, ბუნებრივია, მომდევნო ნაწილშია განხილული, მომდევნო ნაწილში ასევე საუბარია მეფის რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაზე, ოკუპაციაზე, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაზე და ა.შ. მაგრამ როდესაც მიზანი წიგნის განხილვა კი არა, ხმაურის შექმნაა, ასეთი მარტივი დეტალებიც უცებ „რთულად შესამჩნევი“ ხდება. დიახ, ჩვენც ვაღიარებთ, რომ „ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი“ — ოღონდ ეს ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები ჩვენ არ მოგვიგონია: ის 1888 წელს ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა. ერეკლე II-ის გამორჩეულ თვისებებზე წერდნენ იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და არაერთი სხვა ქართველი მოღვაწე. ჩვენ კი სახელმძღვანელოში სწორედ გერონტი ქიქოძის შეფასება შევიტანეთ — იმიტომ, რომ იგი ამ მრავალფეროვან შეფასებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ნაკლებად ემოციურია.
დიახ, სახელმძღვანელოში სათანადო ადგილი ეთმობა ფარნავაზისა და ქუჯის როლსაც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც ერთი მათგანის არსებობა არ სჯერათ. ახლა, ასეთ მსოფლმხედველობრივ დავაში შესვლას რამდენად აქვს აზრი, მკითხველმა თავად განსაჯოს.
ყველაზე ღიმილის მომგვრელი კი სხვა რამაა: ადამიანები, რომლებიც ისტორიის სწავლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ისტორიული პროცესების ფართო კონტექსტში დანახვის აუცილებლობაზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, თავადვე პირველივე შესაძლებლობისას ივიწყებენ ამ „ფართო ხედვას“ და ყოველ გვერდს, სიტყვას, წერტილსა და მძიმეს ჩაჰკირკიტებენ — ოღონდ სადმე სანუკვარი „შეცდომა“ აღმოაჩინონ.
სამწუხაროდ მათთვის, ამ მიმართულებითაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა: გავრცელებული „შენიშვნების“ მნიშვნელოვანი ნაწილი ან მცდარ ინფორმაციას ეფუძნება, ან უბრალოდ ჰაერიდანაა მოტანილი. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთი „კრიტიკოსი“, რომელიც თავადაც ყოფილა სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი, ორგანიზაცია „გორგასლიანის“ დაარსების თარიღს გვიწუნებდა. მოგვიანებით ჯერ საკუთარი შენიშვნის დაკორექტირება, ბოლოს კი საერთოდ წაშლა მოუწია. იგივე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, საბჭოთა კონსტიტუციიდან ამოსაღები მუხლის შინაარსს და ასე შემდეგ... ასე რომ, დიდი მონდომებისა და გვერდების საგულდაგულო „ჩხრეკის“ შემდეგ, კრიტიკოსებს საბოლოოდ მაქსიმუმ ორი კორექტურული ხასიათის უზუსტობის იმედიღა რჩებათ. არა მგონია, ეს მათთვის განსაკუთრებით სანუგეშო შედეგი იყოს.
ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ.
წიგნი მართლაც საუცხოო გამოვიდა — და ამას განსაკუთრებული სიამოვნებით იმიტომ ვამბობ, რომ მისი გაფორმების ხარისხის, ილუსტრაციების სიმდიდრის, უნიკალური ფოტომასალისა და თანამედროვე დიზაინის აღიარება თვით ყველაზე მონდომებულ კრიტიკოსებსაც კი უწევთ...
დანარჩენს მოსწავლე, მასწავლებელი და დრო შეაფასებს.
ამ პოსტის ქვეშ კომენტარებს შეგნებულად დავხურავ. არა იმიტომ, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა არ მსურს — პროფესიული და არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის საინტერესო და საჭიროა — არამედ იმიტომ, რომ არ ვაპირებ ხელოვნურად შექმნილ კამპანიას მისი გახანგრძლივებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა შევთავაზო და მონაწილეებს საკუთარი პერსონების დამატებითი რეკლამირების საშუალება მივცე.
ჩვენ პასუხი არგუმენტებით გავეცით. ახლა კი დროა, ისევ საქმეს დავუბრუნდეთ, მათ შორისაა პედაგოგებთან დაგეგმილი შეხვედრები" - წერს გიორგი კალანდია "ფეისბუკში".








