ერთი შესანიშნავი ამბავი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო უწყება ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს თავის ოფიციალურ გვერდზე შესანიშნავ პუბლიკაციას უძღვნის- ამ ამბავს კი სული საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ლაცაბიძემ შთაბერა და ხელოვნების სასახლესთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით თამამად ვიტყვი, საქვეყნო ამბავი გააკეთა. - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს
"საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში მოხატული ქართული ხელნაწერები დღემდე არ ინახებოდა, ეს ხარვეზი გარკვეულწილად ჩრდილში აქცევდა ბრიტანეთის ქართული ხელნაწერების კოლექციას სხვა კოლექციებთან შედარებით, ჩვეულებრივი ამბავია... დიდი გამოფენების მოწყობისა თუ კატალოგების გამოცემის დროს სპეცილისტიც და ჩვეულებრივი დამთავლიერებელიც უფრო მეტ ყურადღებას მდიდრულად გაფორმებულ ხელნაწერებს უთმობს... ჰოდა თამარ ლაცაბიძის პროექტის საფუძველზე ორმა გამორჩეულმა ქართველმა კალიგრაფმა ოთარ მეგრელიძემ და გიორგი სისაურმა პირველად საქართველოს ისტორიაში: გადაწერეს და მოხატეს ორი ძვირფასი ქართული ხელნაწერი: „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისა“ და ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისა“.
ჩვენი სახელოვანი მონარქების დიდებული პორტრეტებით, ბრწყინვალე მინიატურებითა და საზედაო ასოებით გაფორმებული ეს ხელნაწერები ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში აიკინძა, ტყავის ყდებში ჩაისვა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კოლექციისათვის გაიგზავნა. ფრიად დიდი პატივია, როცა ესოდენ ავტორიტეტული სიძველეთსაცავი თანამედროვე ხელნაწერების შენახვას თანხმდება და მით უფრო ასეთ პროექტს საგანგებო პუბლიკაციას უძღვნის.
ვულოცავ პროექტის ხელმძღვანელს თამარ ლაცაბიძეს, ხელოვნების სასახლეს, კალიგრაფებს: ოთარ მეგრელიძესა და გიორგი სისაურს ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავ საკუთარ თავს, მადლობას ვუხდი პუბლიკაციისათვის ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ქართული კოლექციების კურატორს ანა ჭელიძეს, მადლობა საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს ამ დიდი მნიშვნელობის პროექტის მხარდაჭერისთვისესეც ბმული: https://blogs.bl.uk/european/… " - წერს გიორგი კალანდია