გიორგი ასათიანი: ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებს გვაქვს მოსაზრებები, როგორ მოვემსახუროთ მომხმარებელს უსაფრთხო გარემოში

1612455194
ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებს გვაქვს მოსაზრებები, როგორ მოვემსახუროთ მომხმარებელს უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ ფიტნეს-კლუბ "ოქტოპუსის" დირექტორმა გიორგი ასათიანმა განაცხადა.
"მე სიმართლე გითხრათ არც მქონდა მოლოდინი, რომ დღეს სპორტული დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით მიიღებდნენ რამე გადაწყვეტილებას. მოლოდინი არ მქონდა, რადგან წინასწარი შეხვედრები ჩვენს სექტორთან არ ყოფილა.
ვფიქრობ, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენს სექტორთან გაერთიანებული შეხვედრა, რადგან ჩვენს სექტორს გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხო გარემოში მოვემსახუროთ მომხმარებელს.
ზაფხულში, როდესაც მოგვიწია გახსნა, მაშინ ერთ-ერთი მისაბაძი სფერო ვიყავით რეგულაციების დაცვის კუთხით. დასავლეთს რომ გადახედოთ, აშშ-ში თითქმის ყველა შტატში ღიაა ფიტნეს-კლუბები. ევროპას ცოტა განსხვავებული მიდგომები აქვს, რადგან იქ მთლიანი ლოქდაუნია, თუმცა იქაც კი... ბრიტანეთში, სადაც ყველაზე მკაცრი კოქდაუნია იქაც დაყოფილია ოთხ ეტაპად, სადაც მეოთხე ეტაპზეა ფიტნეს-კლუბების შეზღუდვა, ჩვენთან კი სამწუხაროდ პირიქით ხდება - პირველი იკეტება ფიტნეს-კლუბები და ბოლოს ხდება მისი გახსნა. თუ რამე დასკვნა არსებობს, რომ საქართველოში ფიტნეს-კლუბებში დაინფიცირება მაღალია, კი ბატონო. რომ ვნახოთ კარგი იქნებოდა და გასაგებიც იქნებოდა ეს. თუმცა, იგივე დასავლეთს რომ დავეყრდნოთ, BBC-ის ეთერში გასაჯაროვდა წინა კვირას კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფიტნეს-კლუბებში კოვიდ-ინფექციის გადადების ალბათობა დაახლოებით 2.8%-ია. ეს მაშინ, როცა სუპერმარკეტებში 14%-ია.
მესმის, რომ სუპერმარკეტების მუშაობა აუცილებელია, თუმცა ფიტნეს კლუბებში იმდენად მცირეა ინფიცირების შემთხვევები, რომ საშიში არ არის. ჩვენთან ყველაფერი არის მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ერთ-ერთი მისაბაძი სფერო ვართ რეგულაციების დაცვის კუთხით. კი არის დახურული სივრცე, მაგრამ რეგულაციები ისეა გაკეთებული, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. იგულისხმება დამცავი ბარიერები ტრენაჟორებს შორის, განახლებული სანიტარული ნორმები, დისტანციის დაცვა. მაგალითად, ჩვენთან ადამიანი თუ სარგებლობს აპლიკაციით, შეუძლია ნახოს, წინასწარ რამდენი ადამიანია კლუბში შესული", - განაცხადა გიორგი ასათიანმა.