საქართველოს პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული გიორგი აფრასიძე აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საუბრობს.

გიორგი აფრასიძის თქმით,  ბაბუამისი აივანზე გავიდა და ხელებაწეული ითხოვდა სროლის შეწყვეტას, რადგანაც სახლში ბავშვი იყო. 

„ვერტმფრენების ხმა ისმოდა, ცხადი იყო, მაშინვე მიხვდა. ერთი კი არა რამდენიმე ვერტმფრენი დაფრინავდა ჩვენი სახლის ირგვლივ. წამოხტა თუ არა უცებ აივანზე გავიდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. მე მითხრა დავრჩენილიყავი და გარეთ არ გავყოლოდი, რადგანაც ტყვიები წვიმასავით მოდიოდა ყველა მხრიდან. მე არ დავუჯერე, ბავშვი ვიყავი, ინსტინქტურად გავყევი უკან. კარის ზღურბლზე ვიდექი და უფრო ახლოს მივედი, სანამ ბაბუა დაეცემოდა. 
მე მეგონა,  სროლა შეწყდებოდა.  იმიტომ,  რომ  ბაბუაჩემი გავიდა აივანზე ხელებაწეული იდგა,იძახდა,  რომ  ბავშვი იყო სახლში და   არ  ესროლათ, არ გაეგრძელებინათ. ბაბუა დაეცა თუ არა უკან სახლში შევვარდი. გოცა და ომეხი გამოვიდნენ იმ ტყვიების წვიმაში და ბაბუა შეიყვანეს უკან, რომ კიდევ დამატებით სხვა ტყვიებიც არ მოხვედროდა. 
სროლამ რომ დაიკლო, გოჩამ მეზობელთან გადამიყვანა, მაგრამ იქ გადასვლაც არ ყოფილა მარტივი ტყვიები წვიმასავით მოდიდოა, ყველა მხრიდან გვესროდნენ. დაახლოებით 10 მეტრი იყო ჩვენიდან მეზობლის სახლამდე, ბოძები, ხეები იდგა და ტყვიები იმათ ხვდებოდა,  ჩვენ აგვცდა. შარვალშიც  კი გამიარა ტყვიამ. კანზე უბრალო ნაკაწრი მქონდა, არ დავზიანებულვარ.  სადღაც 5 წუთით სროლა შეწყდა, ალბათ ეგონათ, რომ ყველა დახოცილი იყო და შევარდნენ სპეცრაზმელები ჩვენს სახლში. მე მეზობლის კარის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი, რომ სპეცრაზმელები სახლში შევიდნენ და ხელებშებორკილი გოჩა და ომეხი გამოიყვანეს. რომლებიც ჩვენი აივნიდან ჩაიყვანეს ეზოში. ეზოდან უკვე ორღობეში გადაიყვანეს, ორღობე აღარ ჩანდა. მაგის მერე სულ რამდენიმე წუთში ავტომატის ჯერის ხმა გაისმა, იმ მომენტში არ ვიცოდით მეტი რატომ ისროლეს“,- განაცხადა გიორგი აფრასიძემ.