გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის. მან მედიასთან საუბარში მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურორს, თბილისის მთავარ პროკურორს, საქმის პროკურორებს. ეკა კუპატაძის თქმით, მათ შეუძლებელი შეძლეს.

„ჩემი მოთხოვნა არის ერთადერთი - სამართლიანობის სრულად აღდგენა. აბსოლუტურად ყველას, ვისაც კი იოტისოდენა დანაშაული მიუძღვის, იქნება ეს ექიმი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავად მოძალადე არასრულწლოვანები თუ მათი მშობლები, ნებისმიერ დაჯდება საბრალდებო სკამზე.

მე ვიცოდი, რომ დიდ დიღომში იყო ეს სერიოზული დაჯგუფება, საზოგადოება მიკავშირდებოდა პირადად ჩემს მესენჯერში, მაწვდიდა სანდო ინფორმაციას, ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ იმას, რაც დღეს პროკურატურამ გვაჩვენა, ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდი, ასეთ სისასტიკეს, არ ველოდი.

მინდა, გულწრფელი, გულმხურვალე მადლობა ვუთხრა პროკურატურას. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ბატონ ლევან ვეფხვაძეს, ვაჟკაცურად მებრძოლ ქეთი სონიძეს, ძალიან დიდი მადლობა ქალაქის მთავარ პროკურორს გიორგი მიქაიას, გენპროკურორს გიორგი გვარაკიძეს. მე დღეს ოთხივეს სატელეფონო ზარითაც მადლობა გადავუხადე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თავმდაბლად მეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ, არის მათი საქმე. დიახ, მე ვაფასებ მათ ამ თავმდაბლობასაც, მაგრამ მათ იმაზე მეტი გააკეთეს, რაც მათ ევალებოდათ. მათ მართლა შეუძლებელი შეძლეს და ბევრი რამ გამოავლინეს. ვიცი, რომ ბევრი რამ არის გაკეთებული ამ საქმეში, თუმცა, დეტალები არ ვიცი. როცა საქმის მასალა გადმომეცემა, მეტი მეცოდინება“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

დღეს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების მონაწილეობით სხვა დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია - ისინი სისტემატურად ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ პირებთან. ასევე გამოქვეყნდა დანაშაულის ამსახველი კადრები, რომლებსაც ისინი თავად იღებდნენ.