საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით, 2024 წლის გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა იმ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ამოცანებზე იმსჯელეს, რომლებიც უნდა შეასრულოს გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ. საუბარი შეეხო სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს წინასაგამოცდო სამზადისი – დაწყებულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით აპლიკანტთა განაწილებისა და გამოცდებისათვის საჭირო მასალების უზრუნველყოფის პროცესი.
დასრულებულია მეთვალყურეების, თბილისის საგამოცდო ცენტრების კურატორებისა და თანაშემწეების შესარჩევი ტესტირება. უახლოეს მომავალში, კი ტესტირების გზით რეგიონების ცენტრების კურატორები და თანაშემწეები შეირჩევიან. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სპეციალური კომისიის მიერ, ექსპერტებთან და ცენტრის შესაბამის სამსახურთან ერთად, სპეციალურ პირობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა.
საგამოცდო ცენტრები წელსაც იფუნქციონირებს 12 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 80 000-მდე მსურველია დარეგისტრირებული.
2024 წელს საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 3 ივლისს დაიწყება, საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები კი პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17-18 ივლისს ჩააბარებენ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ წელს იქმნება. ჯგუფი დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი და შპს სქაიტელი.