თბილისის მერი, დავით ნარმანია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ყიფიანის ოჯახის წევრები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"დავით ყიფიანი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ფეხბურთელია, რომელმაც ქვეყანას და ქართველ ხალხს არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა, ამიტომ მისი სახელი დღემდე უკვდავია. დღევანდელი ღონისძიება ქმნის კარგ საფუძველს იმისას, რომ მისი სახელი ახსოვდეთ არა მარტო ჩვენს, არამედ მომავალ თაობებსაც“- განაცხადა თბილისის მერმა.

წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს.

გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძეა.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა კლუბთან ერთად საკავშირო ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სხვადასხვა სინჯის მედლები, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1977 წელს ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2016 წლის 18 ნოემბერს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიისას დაიღუპა.