„ვერტიკალური პროგრამების სერვისების  ძირითადი ნაწილი, 100%-ით ხელმისაწვდომია, ნებისმიერი საჭიროების მქონე ბენეფიციარისთვის, მიუხედავად მათი  შემოსავლის სტატუსისა და კერძო დაზღვევის არსებობისა“,- აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ეკა შარაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებსა და მედიკამენტების სუბსიდირების მექანიზმებზე ისაუბრა.

„მიზნობრივი სერვისები, კონკრეტული დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვისთვისაა განკუთვნილი. მაგ: როგორიცაა შიდსი, დიაბეტის მართვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ტუბერკულოზი და სხვ. სულ 14 ვერტიკალური პროგრამა გვაქვს, რომელთა დაფინანსების მოდელი განსხვავებულია. ვერტიკალური პროგრამების სერვისების ძირითადი ნაწილი, 100%-ით ხელმისაწვდომია, ნებისმიერი საჭიროების მქონე ბენეფიციარისთვის, მიუხედავად მათი  შემოსავლის სტატუსისა და კერძო დაზღვევის არსებობისა. ვერტიკალური სერვისების ძირითადი ნაწილი ასევე 100 %-ით ხელმისაწვდომია მედიკამენტების შემთხვევაშიც, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ჯგუფებისთვის. 


რაც შეეხება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, აღნიშნული პროგრამა ფარავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა კარდიოქირურგია, ინფექციური დაავადებები, მშობიარობა-საკეისრო და მრავალი სხვა. ამ შემთხვევაში დაფინანსება დამოკიდებულია როგორც დიაგნოზზე, ისე ბენეფიციარის სოციალურ სტატუსზე, შემოსავალსა და კერძო დაზღვევის არსებობაზე. 

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის საბაზისო პაკეტებზეც ისაუბრა.

„ძირითადად დაფინანსება 70-დან 100 %-ის შემთხვევაშია. 100 %-ით სერვისები სოციალურად დაუცველებს უფინანსდებათ, პენსიონერების დაფინანსება 90%-ითაა გათვალისწინებული და მათ მხოლოდ 10 %-ის თანაგადახდა უწევთ, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და შშმ პირებისთვის 80%-ია გათვალისწინებული, დანარჩენი სხვა საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 70%-ია განსაზღვრული“,-განაცხადა ეკა შარაძემ.