2025 წელს, გასულ წლებთან შედარებით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ იმატა კომპანიებისა და ფიზიკური პირების შემოწირულობებმა. ამ სახსრებით, ფონდი,  დაჭრილ მებრძოლთა სამედიცინო მომსახურებას, მათთვის მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსებას უზრუნველყოფს. ამასთან, ფონდი  ბენეფიციართა მეუღლეების სამედიცინო საჭიროებებს, სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსს აფინანსებს, რათა მათ შეძლონ  დასაქმება და ახალი პროფესიის დაუფლება. ეტლით მოსარგებლე დაჭრილი სამხედროებისთვის, ფონდი გამოყოფს სახსრებს საცხოვრებელი ფართის ადაპტირებისთვის. 

2025 წლის დასაწყისიდან 93 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რასაც 389 ათასი ლარი მოხმარდა:  

სამედიცინო მომსახურება - 40 586 ლარი

საზღვარგარეთ 50%-იანი თანადაფინანსება  -  130 189 ლარი

გადაუდებელი ოპერაცია  - 29 904 ლარი

გარემოს ადაპტაცია - 2 877 ლარი

მედიკამენტებით უზრუნველყოფა და სხვა სახის დახმარება - 14 496 ლარი

არასრულწლოვან შვილთა განათლება და სამედიცინო მომსახურება - 63 014 ლარი

მეუღლეთა დახმარება - 62 026 ლარი

პარა-მშვილდოსნობის ინვენტარის შეძენა დაჭრილი სამხედროების გუნდისთვის - 36 432 ლარი

პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანასება  -  9 308 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარები, ის ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებმაც  მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ფონდის დაარსების დღიდან მათ 5 მილიონ ლარამდე დახმარება გაეწიათ. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“  2018 წელს  სილქნეტმა დააფუძნა.  კომპანია გახდა ფონდის მთავარი შემომწირველი, რომელმაც  დღემდე ფონდში 2 381 000 ლარის დონაცია განახორციელა. გარდა ამისა, ფონდს არაერთი კომპანია და კერძო პირი უერთდება ყოველწლიურად. მნიშვნელოვანია, ასევე, ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებები.

ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და დიპლომატიურ მისიებთან. 

 ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან ერთად, ფონდი აფინანსებს დაჭრილი მებრძოლების სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. გასულ წელს ქართული  და ბრიტანული ფონდების დაფინანსებით დაჭრილთა გუნდს გადაეცა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი, ხოლო წელს კი გუნდმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარა მშვილდოსნობის ინვენტარი მიიღო. საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, სადაც დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პარა სპორტულ სახეობაში და წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ასპარეზზე გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games). 

ფონდის მხარდამჭერთა შორისაა ბრიტანეთის საელჩო. მათ მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ელჩისა და სამხედრო ატაშეს ჩართულობითა და ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ფინანსდება ფონდის ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილების ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. 

ტრადიციად იქცა დაჭრილთა მხარდასაჭერი  საქველმოქმედო გარბენის ორგანიზება, რომლის ინიციატორი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციაა. უკვე მესამე წელია, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ერთად“ ატარებენ სპორტულ ღონისძიებას, რომლის მიზანია საზოგადოებაში ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი მოხალისე იღებს გარბენში მონაწილეობას. ესენი არიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სამხედრო ატაშეები, სალჩოების თანამშრომლები, მათი ოჯახები და მეგობრები, საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციები და სხვა ნებისმიერი მსურველი. გარბენში რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.

ფონდის მეგობრებს შორისაა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი, რომელიც ყოველწლიური შემოწირულოების გარდა, ზრუნავს დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვან შვილებზე. წელს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით ოფიციალურად გაიხსნა SABADO Leadership Academy. აკადემია მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები ხელმისაწვდომი იქნება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ და მისი დონორები აქტიურად განაგრძობენ ბენეფიციართა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. ფონდის შემომწირველები არიან ბიზნეს კომპანიები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ქველმოქმედი და  სამშობლოს დამცველი გმირების მიმართ  გამოხატოს მადლიერება და ზრუნვა სხვადასხვა ფორმით. დონაცია შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან და ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერზე ერთი ზარის განხორციელებით - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!