რევაზ კვესელავას გარდაცვალების გამო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა და მნიშვნელოვანია ქართულ კინემატოგრაფში, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ აზროვნებაში მის მიერ შეტანილი წვლილი.

რევაზ კვესელავა იყო არა ერთი ქართული კინოფილმის სცენარის ავტორი. საკმარისია, დავასახელოთ თენგიზ აბულაძის „ვედრება“ და ალექსანდრე რეხვიაშვილის „გზა შინისაკენ“. ამ ფილმებით იგი დიდ რეჟისორთა თანაშემოქმედად გვევლინებოდა.

უაღრესად ერუდირებული და იშვიათი გემოვნების ლიტერატორი თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად უზიარებდა კოლეგებსა და სტუდენტებს. მასთან ურთიერთობა ყველას ამდიდრებდა. მნიშვნელოვანია, რომ მისი ნააზრევი თავმოყრილია წიგნებში („საგნები ჩვენთვის“, „მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე“), რომლებიც აქტუალურობას არასდროს დაკარგავენ.

ბოლო ათწლეულები რევაზ კვესელავამ მშობლიურ სოფელში გაატარა. იქ ხელახლა დამკვიდრებული, დიდად ემადლიერებოდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც ხანდაზმულობისა და ავადობის მძიმე წლები შეუმსუბუქა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს რევაზ კვესელავას ღვაწლსა და ხსოვნას“, - აცხადებენ სამინისტროში.

რევაზ კვესელავა დაიბადა 1933 წლის 2 აგვისტოს, მარტვილის სოფელ ნახარებაოში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად; ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-სასცენარო განყოფილებაზე; ხანდაზმულობაში, მშობლიურ სოფელ ნახარებაოს დაუბრუნდა და იქვე აღესრულა, 2024 წლის 20 აპრილს.