რუსი მომღერალი, დიმა ბილანი, ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა.
როგორც მომღერალმა „იბერიასთან“ განაცხადა, საქართველოში კონცერტების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
მისივე თქმით, არ შეიძლება ხალხმა ყველა საკითხი პოლიტიკური გახადოს.
„მე არ ვარ ჩართული პოლიტიკაში, შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. გაუმართლებელია მუსიკოსს დავუსვათ კითხვები, რომელიც პოლიტიკას ეხება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, აქ რამდენიმე კონცერტი ჩავატარო. ბათუმში კერძო ღონისძიებაზე ვიყავი მოწვეული, ერთ-ერთმა კოსმეტიკურმა კომპანიამ მომიწვია. აქ ხელისუფლების მოწვევით არ ჩამოვსულვარ“, - აღნიშნავს მომღერალი.
შეგახსენებთ, დიმა ბილანმა, კონცერტი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გუშინ გამართა.
როგორც ცნობილია, დიმა ბილანი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია. ის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპში, რომელიც 7 მარტს გავრცელდა, სხვა რუს მომღერლებთან ერთად მონაწილეობდა. კლიპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავრცელდა (რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება). ამავე კლიპში მღერის ქეთა თოფურიაც.