24 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 34) გაიმართა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოხდება ეროვნული ტურნირის მონაწილეების გრანდიოზული დაჯილდოება. დებატების ეროვნული ტურნირი გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. ტურნირი ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით და აერთიანებდა 150-მდე მონაწილეს ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიებაზე მოხდა ეროვნული ტურნირის მონაწილეების სერტიფიცირება, დაჯილდოება და საუკეთესო მომხსენებლების გამოვლენა. 2025 წლის ტურნირის მთავარი თემა კი სოფლის მეურნეობა და მისი ეკონომიკური მნიშვნელობა იყო. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებსა და საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ტურნირისთვის მზადების ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ თემატური შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ტურნირის მონაწილეები იყვნენ ის მოსწავლეები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ დებატების კლუბებსა და სკოლებში. აღნიშნული პროექტი კი მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, დებატების კლუბები უკვე ფუნქციონირებს კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში. ასევე აქტიურად ისწავლება დებატები, როგორც არჩევითი საგანი, საქართველოს სკოლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართველი მოქალაქის განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.