ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება. კონფერენცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მინისტრმა გერგეი გუიაშმა გახსნა.

დედაქალაქის მერი ღონისძიების მონაწილეებს უნგრულად მიესალმა და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება თბილისში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

„რასაკვირველია, ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, მნიშვნელოვანია გავიზიარო ევროპული ქალაქების გამოცდილებაა ურბანული განვითარების კუთხით - როგორ ხდება ბალანსის დაცვა ზრდასა და შენარჩუნებას შორის, სწრაფ განვითარებასა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას შორის, ტრანსპორტის ეფექტურობასა და ადამიანზე მორგებულ გარემოს შორის. თბილისიც სწორედ ამ გზაზეა და მსურს, გაგიზიაროთ ის მიმართულებები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა. თბილისი უძველესი ქალაქია. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ავარიული კორპუსების პრობლემაა. ჩვენ შევიმუშავეთ და აქტიურად ვახორციელებთ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამას. 2026 წლიდან კი ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც უშუალოდ ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიულ შენობებს შეეხება, რათა არც უსაფრთხოება დაზარალდეს და არც ქალაქის კულტურული ფენები. პარალელურად, ვახდენთ გამოსყიდვას მიწებისა და ობიექტების, რათა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ რეკრეაციული სივრცეები. თბილისის მწვანე ქსელმა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საკუთარ გამოსვლაში უკანონო ავტოფარეხების პრობლემის მოგვარებასა და ავარიული ლიფტების ჩანაცვლების პროექტზეც გაამახვილა ყურადღება.

„თბილისში მრავალი წლის განმავლობაში არსებული ავტოფარეხების პრობლემა ეტაპობრივად გვარდება - ავტოფარეხებს ვანაცვლებთ პარკებითა და სკვერებით, რაც უბნებს მოქალაქეებისთვის საცხოვრებლად ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. დავიწყეთ ლიფტების განახლების პროექტიც, რათა უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც თბილისის მთავარი გამოწვევა იყო, დღეს სრულად განახლებულია და ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს სიახლეები. მომავალ წელს ვამატებთ 200 ახალ ავტობუსს, რაც გადაადგილებას მეტად კომფორტულსა და სანდოს გახდის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, კახა კალაძის თქმით, დაწყებულია მეტროს ვაგონების განახლება - 111 ახალი ვაგონით გაუმჯობესდება უსაფრთხოება, კომფორტი და მოძრაობის ინტერვალები; იგეგმება ორი მეტროსადგურის მასშტაბური რეაბილიტაცია; მეტროს დაემატება ახალი სადგურები, რაც ცხოვრებას გაამარტივებს ათიათასობით მგზავრისთვის.

„საგზაო ქსელის განვითარების ახალი ეტაპია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გათვლილი ახალი ხიდი, რომელიც ორ რაიონს შორის უმოკლეს და ყველაზე ეფექტურ კავშირს შექმნის. მოხარული ვარ, რომ მალე თბილისს დაემატება მინიმუმ სამი ახალი საბაგირო ხაზი – ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს გადატვირთულ მოძრაობას და ერთმანეთთან დააკავშირებს ისეთ უბნებს, რომლებიც დღეს რთულად მისადგომია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ტრამვაის დაბრუნება თბილისში. ეს არის არა მხოლოდ ტრანსპორტის ახალი საშუალება, არამედ ქალაქის მომავლის ახალი ფილოსოფია: მდგრადი, მშვიდი, თანამედროვე და ადამიანზე მორგებული ქალაქები სწორედ ასე იქმნება.

თბილისი იმავე კითხვებს სვამს, რასაც ბუდაპეშტი: სწორი მიმართულებით მივდივართ? როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი ცვლილებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას შორის? ეს არ ეხება მხოლოდ ქალაქებს, დღეს ეს კითხვა, პირველ რიგში, პოლიტიკურ ჭრილში უნდა დაისვას, რათა ერთად შევძლოთ არა მხოლოდ სწორი პასუხების პოვნა, არამედ ჩვენი იდენტობის დაცვა და შემდგომი განვითარება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების მონაწილეებს ნაყოფიერი დისკუსია უსურვა.

საერთაშორისო კონფერენციას უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი, თბილისის ტრანსპორტისა ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ვენისა და ბრატისლავას მერიებიდან.