ბოლო წლების განმავლობაში თბილისში არაერთი ფესტივალი, კონკურსი თუ შემოქმედებითი საღამო გაიმართა, დედაქალაქმა კი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში შეიქმნა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის მიზანიც მოქალაქეებამდე თანამედროვე ხელოვნების უფრო ახლოს მიტანაა.
როგორც ანდრია ბასიალაიამ თქვა, აღნიშნულმა ფონდმა ორწლიანი საქმიანობის განმავლობაში, განახორციელდა რვა პროექტი, მათ შორისაა, ქანდაკება, ინსტალაცია, საუნდ არტი, ფოტოგრაფია; განხორციელდა 50-მდე საგანმანათლებლო აქტივობა; შეიქმნა 30-მდე ტექსტი: რეცენზიები, კვლევები და თარგმანები. გარდა ამისა, სამუზეუმო ფონდი გაიზარდა 1 000-ზე მეტი ერთეულით.
„პრაქტიკულად, არ იმართება არცერთი ღონისძიება დედაქალაქში, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტი რაიმე ფორმით არ მონაწილეობს. ძალიან ბევრი კონცერტი, თეატრალური დადგმა, სხვადასხვა საიუბილეო საღამო იმართება. ბუნებრივია, ვცდილობთ, ყველას დავუდგეთ გვერდით ამ მიმართულებით. პარალელურად, ხორციელდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის ფარგლებშიც ხდება კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერა და მათი პროექტების რეალიზება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ჩატარდა 400 სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი და კონკურსი; 350-მდე სპექტაკლი; 400-მდე საიუბილეო და სახელოვნებო/სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო და კონცერტი; 300-ზე მეტი სახელმწიფო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიება; 500-ზე მეტი საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება; 80-მდე გაცვლითი კულტურული პროექტი. გარდა ამისა, დედაქალაქი 2021 წელს გაწევრიანდა „იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელში მედია ხელოვნების მიმართულებით.
„ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიება იმართება დედაქალაქში და ის იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სტატუსს. კერძოდ, 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ძალიან ბევრი მწერლის ნაწარმოები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე თავიანთი ნამუშევრები გაეტანათ და მეტი პოპულარიზაცია მოეხდინათ ქართული ლიტერატურის. ასევე, 2021 წელს საქართველო გახდა ევროდესკის ქსელის წევრი ქვეყანა, რაც აჩენს დამატებით შესაძლებლობას ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ხოლო 2025 წელს თბილისს მიენიჭა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი, რაც ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც დედაქალაქს აქვს სპორტის მიმართულებით. 2025 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება ახალგაზრდული ბარათი, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამინისტროსთან იმისთვის, რომ თბილისმა რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირს, ღონისძიებას თუ კონცერტს უმასპინძლოს.
ანდრია ბასილაიას თქმით, „ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო ღონისძიება და ფესტივალი: ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი; წყალბურთში ვაჟთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი; კალათბურთში ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი; 3X3 პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი; პარაწოლჭიმში ევროპის ღია ჩემპიონატი „თბილისი-2022“; უეფა-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი EURO 2023; კარატეში ევროპის ჩემპიონატი კადეტებს, იუნიორებსა და 21 წლამდე სპორტსმენებს შორის; ძიუდოში თბილისის გრანდ სლემის ტურნირი; პარაძიუდოს გრან-პრი „თბილისი 2024“; ბერლინის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი“.