"ახლა ვარ თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფთან ერთად. დაგვხვდა ეს სიახლე - სამი გამაფრთხილებელი ბანერი სიკვდილის ზონის მთელ პერიმეტრზე. სამწლიანი ბრძოლა დაჭირდა აქ ამ სამი ბანერის გაკეთებას!" - ამის შესახებ ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი წერს.
შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ თბილისის ზღვაზე ბანერების დადგმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ. მედია დაინტერესდა თუ რატომ არ დგამდა თბილისის მერია გამაფრთხილებელ ბანერებს მაშინ, როდესაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. მას ისიც შეახსენეს, რომ არსებობს სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მერიას დაევალა აღნიშნული ბანერების განთავსება. აქვე შეგახსენებთ, რომ სარჩელი სასამართლოში თბილისის მერიისა და კომპანია ჯივიპი-ს წინააღმდეგ ჟურნალისტმა ალეკო ცქიტიშვილმა შეიტანა, რომლის შვილიც სამი წლის წინ სწორედ თბილისის ზღვაზე დაიღუპა. „ჩვენ დღეს ვამუშავებთ თბილისის ზღვის სანიტარულ დაცვის წესებს, რომელიც პრაქტიკულად მომზადებულია, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც თბილის ზღვაზე კონკრეტულ ლოკაციებზე, რომელსაც საკრებულოს დამტკიცების შემდეგ უკვე აღასრულებს მუნიციპალიტეტი. დავა ჯერ კიდევ სასამართლოშია და სასამართლოს დავა ჯერ არ დაუსრულებია და ისე შესრულდება ეს, როგორც გადაწყვეტს სასამართლო და დავის მიღმა უკვე შემუშავებულია წესები, მალე გაიგზავნება საკრებულოში და როგორი წესითაც დამტკიცდება, იმის მიხედვით მოვაწყობთ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.