ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი) ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
წერილი მემკვიდრეებს,
ვუძღვნი მომავალ თაობას სიფრთხილისა და სიფხიზლისთვის!
ასევე ვუძღვნი ჩემს მოძღვარს, მეუფე დავით ალავერდელს, მადლიერებითა და შენდობის თხოვნით!
24 მაისი მეუფე დავითის ეპისკოპოსად ხელდასხმის დღეა. წელს 30 წელი შესრულდა, რაც ის ალავერდელი მღდელმთავარია. ეს, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ ერთ-ერთი ტელევიზიის „მე-17 სართულზე“, ისე გამოუგზავნეს „საჩუქარი“, თუმცა ეს ეკლიანი საჩუქარია.
ამ წერილს, ვიცი, რომ ელოდება მრავალი ადამიანი, ვინც იცნობს მეუფე დავითს და გადაცემა „მე-17 სართულზე“ ალავერდელი მღვდელმთავრის გასამართლებად აღიქვა.
„გასამართლება” არ მოგეჩვენოთ გადაჭარბებულ შეფასებად. დიახ, ჩვენ მოწმეები გავხდით, როგორ ასამართლებდნენ ჩვენს მოძღვარს, რომლის გვერდითაც, მე პირადად, სულ ცოტა, 33 წელია, რაც ვარ და ყოველდღიურად ვუყურებ მის თავგანწირვას ამ ქვეყნისთვის. აქვე დავძენ, რომ ასეთი სულისკვეთების სასამართლოებით ამზადებენ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის შემდეგაც, დასაშვებია, გამოძიების გარეშე დახვრეტაც კი მიუსაჯო სასულიერო პირს. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მძიმე დრო ჩვენმა ქვეყანამ ერთხელ უკვე გაიარა…
გადაცემის სიუჟეტმა და დისკუსიამ ბევრი რამ გამახსენა, მთელი ჩვენი მონასტრის ცხოვრება მეუფესთან ერთად თვალწინ დამიდგა. ბიბლიური ისტორიებიც ამოტივტივდა მეხსიერებაში და ჩვენი ქვეყნის წარსული ამბებიც… ერთი ლოცვა კი, რომელიც ფრაგმენტია დიდი პარასკევის მაცხოვრის ჯვარცმის ლოცვიდან – „ერო ჩემო, რაი შეგაწუხე შენ“, – განუწყვეტლივ გონებაში მიტრიალებდა.
კულტურა და მემკვიდრეობა
ვინაიდან გადაცემა „მე-17 სართულზე“ მიეძღვნა კულტურულ მემკვიდრეობას, თავდაპირველად ამ ტერმინს შევეხები. ეს მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული ტერმინია, რომელიც ორი სიტყვისგან შედგება: კულტურა და მემკვიდრეობა. სიტყვათშეთანხმება „კულტურული მემკვიდრეობის“ გააზრებისთვის პირველად შევეხები სიტყვა „მემკვიდრეობას“. ამ სიტყვის ძირი გახლავთ „მკვიდრი“. ის თავის თავში „სამკვიდროსაც“ შეიცავს. შეიძლება ვთქვათ, რომ მემკვიდრე ნიშნავს იმ ადამიანს, რომელსაც სამკვიდრებელი წინა თაობებიდან გადმოეცა.
როდესაც შუამთის მონასტერი 1926 წელს დახურა ბოლშევიკურმა მთავრობამ, განდევნეს ის ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება აქ იღვაწეს, მაგალითად – წინამძღვარი მამა ნიკოლოზ მიქელაძე, რომელმაც 18 წლიდან იცხოვრა ამ მონასტერში და 73 წლის მხცოვანი ბერი იყო, როცა უღმერთოებმა თავისი მონასტრიდან გაასახლეს; მასთან ერთად განდევნეს ცნობილი სასულიერო პირი, იოსებ ლაგაზიშვილი – გამოჩენილი მგალობელი, მქადაგებელი და იმ დევნილობის ჟამს თავგანწირული მოღვაწე, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ნათლავდა ხალხს და ემსახურებოდა თავის სამწყსოს.
ახალი შუამთის მონასტრის დახურვის შემდეგ, 1927 წელს, შუამთაში გახსნეს დასასვენებელი სახლი. ისინი, ვინც აქ ისვენებდნენ, იყვნენ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ წევრები (იმ პერიოდში არსებობდა ასეთი კავშირი); შემდეგ დასასვენებელი სახლი უდედმამო ბავშვთა სახლით ჩაანაცვლეს და ა.შ. ბოლოს აპირებდნენ, აქ გაეხსნათ საბჭოთა ტიპის „ტურბაზა“, იქვე ეთნოგრაფიული მუზეუმიც იქნებოდა, ეყოლებოდათ ცხენები და სხვა… ეს უკვე აღარ დასცალდა იმ ღვთისმებრძოლ რეჟიმს, ვინაიდან 1990 წელს შუამთის მონასტერი დაუბრუნდა ეკლესიას. დავსვათ კითხვა – ის, ვინც შუამთაში ბოგინობდა 70 წელი, იყო თუ არა მემკვიდრე ამ მემკვიდრეობის? მგონი პასუხი ნათელზე ნათელია. ისინი არ იყვნენ მემკვიდრეები; ვინაიდან ეკლესია-მონასტრები აშენდა ღვთის სადიდებლად და ადამიანების სულების გადასარჩენად და თუ ვიღაც, აბსოლუტურად საძაგელი მეთოდებით და გზებით, მიიტაცებს ეკლესია-მონასტრებს, ის ვერ ჩაითვლება ამ სავანეების, ეკლესია-მონასტრების მემკვიდრედ. ეკლესია-მონასტრების ჭეშმარიტი მემკვიდრეები ისინი არიან, ვინც აქ ღვთისმსახურებას აღასრულებენ მორწმუნე ერთან ერთად, ანუ იმ საქმეს აგრძელებენ, რისთვისაც ეს ტაძრები თავდაპირველად აშენდა.
1990 წელს, როდესაც ახალი შუამთის მონასტერი ეკლესიას დაუბრუნდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აქ მოვიდა ერთი მღვდელ-მონაზონი, რომელმაც, მარტოკაცმა, მთავარი, რაც შეძლო (ის აწ განსვენებულია) – აღადგინა ღვთისმსახურება. გარემო კი, რომელიც მას აქ დახვდა, ბიბლიის სიტყვებით შეიძლება დავახასიათოთ – იყო „საძაგელი მოოხრებისა“.
1995 წლიდან, მეუფე დავითის კურთხევით აქ აღდგა დედათა მონასტერი. იგივე „საძაგელი მოოხრებისა“ დაგვხვდა ჩვენც. მას შემდეგ გვაქვს ღვთისგან მონიჭებული პატივი, აქ დავემკვიდროთ და ვიშრომოთ სულიერად, ფიზიკურად და ინტელექტუალურად. სულ მალე გახდება 30 წელი, რაც ამ მონასტერში ვცხოვრობთ.
არ დაგიმალავთ, აბსოლუტური მტკიცებულება მაქვს გულში, რომ ჩვენ ვართ მემკვიდრეები. გვახარებს, როცა სხვა ადამიანებიც მემკვიდრეებად გრძნობენ თავს. თუმცა, არის თემები, რომელშიც ყველა მემკვიდრეს მოგვიწევს შეთანხმება, როგორი სეკულარულიც არ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო.
ახლა კულტურას მინდა შევეხო. კულტურის განმარტება შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს და სხვადასხვა ერმა და ქვეყანამ სხვადასხვანაირად განმარტოს. თუმცა კულტურის ყველაზე მაღალი, ქრისტიანული განმარტება არის შემდეგი: კულტურა განისაზღვრება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ადამიანის მიმართ. ამიტომაც არის, რომ ქართველი კაცის ცნობიერებაში, რომელიც ქრისტიანული სწავლებით საზრდოობდა, კულტურა და ზნეობა თითქმის გაიგივდა… სინამდვილეში ასეცაა, ზნეობრიობაა კულტურა, თავისი მაღალი გაგებით.
რაკურსი, რომელიც კულტურასაც აკნინებს და მემკვიდრეობასაც
ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. გადამღებ ჯგუფს, რომელმაც ეს სიუჟეტი მოამზადა, შუამთაში რომ მობრძანდა, დახვდნენ მონაზვნები, ისევე, როგორც სხვა უთვალავ სტუმარს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მონაზონს უთხრა, თუ შეიძლება ჭავჭავაძეების საფლავებს გადავიღებთო. ცხადია, ხელი არავის შეუშლია. სინამდვილეში ეს ადამიანები სრულიად სხვა განზრახვით ყოფილან მოსულები (თუმცა შეიძლება ჭავჭავაძეების საფლავებიც აინტერესებდათ). ჩვენგან ფარულად, თურმე, ამზადებდნენ სიუჟეტს, რომლითაც ზურგში უნდა დაერტყათ მახვილი. ასეთი განცდა დაგვრჩა ამ გადაცემის შემდეგ.
ახალ შუამთაზე მომზადებული სიუჟეტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გადამღები ჯგუფი გულმოდგინედ ეძებდა რაკურსს, საიდანაც ნაჩვენებ ტაძარზე უნდა თქმულიყო, რომ ისტორიული სტოვის აღდგენამ და გამყოფი კედლის უკანონო მშენებლობამ დააკნინა ტაძრის არქიტექტურა. ასეთ გადასაღებ სივრცედ შეირჩა ჩრდილოეთი მხარე, ტაძრის გარშემოსავლელი ტაძარსა და კედელს შორის. ახლო რაკურსით ამ ხედის ჩვენებისას ითქვა, რომ „დაპატარავდა ტაძრის აღქმა და დაკნინდა მისი მასშტაბი“. სამი სხვა მხარე – სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი და ყველა სხვა რაკურსი, რომლიდანაც მთელი სიცხადით ჩანს შუამთის ტაძრის მშვენიერება, არ უნდა მოხვედრილიყო კადრში. „საუკეთესო დაკნინებისთვის“ ვიღაცის მიერ წვიმიან ამინდში ტაძრის შესასვლელში დატოვებული უბადრუკი ქოლგაც ახლო კადრით იქნა გადაღებული. საფიქრებელია, რომ ამ ჯგუფის მიზანი იყო ტაძარი დაკნინებულად წარმოეჩინათ. გადამღები ჯგუფი ძალიან ეცადა სწორედ ეს განცდა დარჩენოდა მაყურებელს!
შუამთის მონასტრის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა 2017-19 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტით. ისტორიული სტოვა, სავარაუდოდ, ძლიერ დაზიანდა შაჰ-აბასის შემოსევების პერიოდში. ეგზარქოსობის დროს კი, როცა მაშინდელ ძეგლთა დაცვის მიერ წარმოებულ სამუშაოებს ერქვა „ტაძრების სანიტარული მოვლა“ (санитарный уход за храмами) – ეს სტოვა მიწასთან გაასწორეს. სტოვა, ზოგადად, ტაძრის ფუნქციურად აუცილებელი ნაწილია, სადაც უნდა აღსრულდეს ღვთისმსახურების გარკვეული მოქმედება, და არა მხოლოდ ამ დანიშნულებას ემსახურება… შუამთის ტაძრის სტოვა აღდგა ყველა არსებული მასალის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთი ძეგლის „ქომაგი“ ამას უარყოფს, ან კვლევას გვიწუნებს. ალბათ იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც არასოდეს არ სრულდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიისთვის საჭირო სამსახურებელი სივრცე არ აღდგეს და დანგრეული დარჩეს.
დიახ, ძეგლის „ქომაგები“ წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ახალ შუამთაში აღმდგარიყო ეკლესიისთვის ფუნქციურად აუცილებელი ნაწილი, სტოვა და ამისთვის არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ, უბრალოდ, არ უნდოდათ დაეშვათ აღდგენის პრეცენდენტი! ეს თვალნათლივ ჩანდა დისკუსიების დროს.
სიუჟეტის ავტორმა საუბრისას გამოიყენა სიტყვა „ფარდული“. ამ ქალბატონისთვის ეს იყო ფარდული, ჩვენთვის კი ეს იყო, სტოვის აღდგენამდე, დროებითი გადახურვა, რათა ტაძარი დაცული ყოფილიყო ნესტისგან, წვიმისგან, თოვლისგან. დაცული ყოფილიყო ფრესკები და ის არაჩვეულებრივი წარწერა, რომელიც ტაძრის შესასვლელში ერეკლე მეფის საქტიტორო წარწერას წარმოადგენს. ნალექის გამო, ჩვენ ეს წარწერა საკმაოდ დაზიანებული დაგვხვდა. სწორედ დროებითი გადახურვით (და არა ფარდულით!) გახდა შესაძლებელი მისი გადარჩენა.
გარდა ამისა, ტაძრის გარშემო მიწის უზარმაზარი ფენა იყო მოსაჭრელი, ვინაიდან საძირკველში წყალი ჩადიოდა, რის გამოც იატაკიც აყრილი დაგვხვდა. თავდაპირველად ახალ შუამთაში, თინათინ დედოფლის მიერ აშენებულ ტაძარში, იატაკი ცისფრად მოჭიქული აგურით იყო მოგებული. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნაპოვნი ამ იატაკის ფრაგმენტი ტაძრის სივრცეშია დარჩენილი. მას დღესაც ეტყობა ფერადოვნება და მბზინვარება. მე-16 საუკუნეში დედოფალმა ტაძრის იატაკისთვის იმ დროისთვის საუკეთესო მასალა გამოიყენა. 1898-99 წლებში წმინდა პატრიარქმა კირიონმა, ასევე, იმ დროისთვის საუკეთესო, ე.წ. ანდრიოლეტის მეთოდით განაახლა ტაძრის თითქმის არარსებული იატაკი. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კი ეს იატაკიც პრაქტიკულად განადგურებული დაგვხვდა, უსწორმასწორო ზედაპირზე ორმოებით და ალაგ-ალაგ შემორჩენილი ფრაგმენტებით. დღეს აქ დაგებულია ქართული მარმარილოს ქვა, რომელსაც ძეგლის „ქომაგები“ სიპრიალეს უწუნებენ, თუმცა, მოჭიქული აგური და ანდრიოლეტის იატაკი დღესაც სიპრიალით გამოირჩევა.
ტაძრის გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოს შემდეგ მიწის ფენა მოიჭრა და გაკეთდა სარინელი. აღარაფერს ვამბობ ტაძრის სარკმლებზე, საიდანაც ფრესკებზე წყალი ჩამოდიოდა, გუმბათის სახურავი კი ქარისგან იყო აგლეჯილი. საინტერესოა, თუ იციან ეს ყველაფერი ძეგლის „ქომაგებმა“, დღეს გაკეთებულს და აღდგენილს რომ დასტირიან…
წმინდა ილია მართალი გვაფრთხილებდა, „ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება მაშინ იწყება, როცა ხსოვნა ეკარგება თავისი წარსულისო“. იქვე დასძენდა, რომ ასეთ ერს აღარ აქვს „მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისთვის საჭიდაოდ, იმიტომ, რომ რა იყო – ის დავიწყებული აქვს და, მაშასადამე, რა არის – არც ის იცის. არ იცის, რისთვის გაწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა“.
ახალ შუამთაზე საუბრისას ისიც აღინიშნა, რომ „აქ უკანონოდ აშენდა კედელი“. თუ სიძველის დამცველები არიან ეს ადამიანები, უნდა იცოდნენ, რომ ძველი გალავანი პირდაპირ მიდგმული იყო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეზე და მისი ნაშთი დღესაც არსებობს მონასტერში. მამა ნიკოლოზ მიქელაძეც აღნიშნავს ამას თავის დღიურში, რომელიც მონასტრის სიძველეთსაცავში ინახება.
გამყოფი კედელი, რომელიც მონასტრის საცხოვრებელ სივრცეს და საერო სივრცეს ერთმანეთისგან გამოყოფს, აშენდა 1995 წელს! ამ წელს მოვედით ჩვენ ახალ შუამთაში, სადაც ეს დიდებული კულტურული მემკვიდრეობა უპატრონოდ იყო დაგდებული, გარშემო ტყეში ყაჩაღები დათარეშობდნენ, საქმეების გარჩევაც ამ ტყეში ხდებოდა, ჩვენც არაერთხელ დაგვესხნენ თავს. სწორედ ამ პირობებში დავიწყეთ წინაპრებისგან მიღებული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა.
გამყოფი კედლის აუცილებლობა გაჩნდა, რადგან მონასტერს აქვს თავისი წეს-განგება, ტიპიკონი. ეს წეს-განგება კი განაპირობებს ამ სავანეების სივრცით მოწყობას და არქიტექტურულ გადაწყვეტას. მესმის, რომ მათთვის, ვინც თავის თავს პროფესიონალს უწოდებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში, ეს უცხო თემაა და ამიტომ უჭირთ ამის გაგება. ადამიანი ყველაფერში პროფესიონალი ვერ იქნება… ზოგადად არცოდნა და უმეცრება ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, ამაში დანაშაულიც არ არის. თუმცა, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მან ყველაფერი იცის, სწორედ აქ გვაქვს საქმე უმეცრებასთან…
შუამთაში მოსულები, იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა და მოგვევლო უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობისთვის, აღმოვჩნდით სრულიად გაპარტახებულ გარემოში. მონასტრის ყველა გალავანი ჩამოშლილი იყო. მორღვეული იყო ყველა კარი, ნაგებობებზე ფანჯრები ბევრ ადგილას ბალიშებით იყო ამოვსებული. მაგალითად, ასე გამოიყურებოდა ისტორიული სამრეკლო. ამ სივრცეში გამყოფი კედელი, რა თქმა უნდა, დაცვის მოვალეობას ვერ შეასრულებდა და, შესაბამისად, დაცვისთვის არ იყო აშენებული. გამყოფი კედელი სრულიად აუცილებელი იყო მონასტრის არსებობისთვის, სხვანაირად აქ მონაზვნური ცხოვრება ვერ განახლდებოდა. ეს კედელი ისეთივე აუცილებელია მონასტრის სივრცეში, როგორც საკუთარი ბინის სადარბაზოსგან კედლით გამიჯვნა.
როდესაც ისტორიული ეკლესია-მონასტერი ვიღაცისთვის მხოლოდ ძეგლია, მას მიუღებლად მიაჩნია იქ მონასტრის არსებობა ცოცხალი მონაზვნობით. ამის საუკეთესო მაგალითი დღეს მცხეთის ჯვრის მონასტერია. როდესაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯვრის მონასტრის ეკლესიისთვის დაბრუნების საკითხი დადგა, ცნობილი საბჭოთა სპეციალისტი შეშფოთებული ამბობდა, რომ თუკი ჯვარზე მორწმუნეები დაიწყებდნენ სიარულს და მღვდელი აკმევდა, ჯვარი დაინგრეოდა!!!
ეს ადამიანი, ასე, სარწმუნოების გარეშე, მორწმუნეებისგან „იცავდა ძეგლს“. ამ სულისკვეთებით მოახერხეს, რომ ჯვრის მონასტრის კრებული ღვთის გამოჩინებით აღშენებულ ამ ტაძართან ახლოსაც კი არ მიეშვათ. საბოლოოდ, მონასტრის კრებული მცხეთის ჯვრიდან ორ კილომეტრში აღმოჩნდა გადასროლილი… სამაგიეროდ, იქ ყველასთვის ხელმისაწვდომი ველური სივრცე გავამაგრეთ და უფრო გავაველურეთ!
ველური ხელშეუხებლობა
ძველი შუამთის შესახებ სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ის იყო ხელშეუხებელი და სწორედ ამით იყო ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი. ეს ის „ხელშეუხებლობაა“, რომელსაც ჩვენ დავტიროდით და ზოგიერთებს კი ახარებდა. ძველ შუამთაში სამი საუკუნის მანძილზე წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა და ეს ძალიან დიდი ტკივილი იყო. სამი საუკუნე დაგვჭირდა, რომ ამ წმინდა ადგილას ღვთისმსახურება აღდგენილიყო. არც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ძეგლის სტატუსის ჭრილში გახლდათ ეს „ხელშეუხებლობა“ უმტკივნეულო, ვინაიდან ნადგურდებოდა ყველაფერი: ნაგებობა, ფრესკები, წარწერები… ეს ის შემთხვევაა, როცა სულიერება და ობიექტურად არსებული მემკვიდრეობა უერთმანეთოდ ვერ იარსებებს.
არქეოლოგიურმა კვლევამ, რომელიც ძველ შუამთაში მეუფე დავითის უდიდესი ძალისხმევით ჩატარდა, გამოაჩინა, რომ აქ ყველაფერი შაჰ-აბასის შემოსევების დროს არის განადგურებული და გადამწვარი. შენობა-ნაგებობების არსებული ნაშთი მონასტრის ტერიტორიაზე იმაზე მეტყველებს, რომ მონაზვნური ცხოვრება აქ მთელი სისრულით მიმდინარეობდა. მე-17 საუკუნის შემდეგ ჩვენი ქვეყანა წელში ისე ვერ გაიმართა, რომ ძველ შუამთაში წირვა-ლოცვა და მონაზვნური ცხოვრება აღდგენილიყო. ასე რომ, ძველი შუამთა ხელშეუხებელი და გავერანებული იყო სამი საუკუნის განმავლობაში. ადამიანს, რომელსაც არ უხარია იქ სამონასტრო ცხოვრების და წირვა-ლოცვის აღდგენა, საკუთარი გულის გამოძიება ესაჭიროება.
როგორც ფარდული არ უნდა აკადრო ტაძარს და საკუთარ თავს, ასევე არ უნდა იკადრო, რომ ტაძარი ვილას შეადარო, მარტო იმიტომ, რომ ძველ შუამთაში პატარა ბილიკით, ქვაფენილით ჩადიხარ ტაძრამდე!
თურმე ბილიკი მაშინ უნდა გაიარო, თუ ვილაში მიდიხარ, ტაძარში კი ტალახში ამოსვრილი ფეხებით შესვლა ყოფილა განსაკუთრებულად სანუკვარი. მავანს ურჩევნია, რომ ტალახში გაიაროს და შემდეგ ეს ტალახი ტაძარში შეიტანოს, მაგრამ ვინც იმ ტაძარში მსახურობს, მისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მიუღებელია. ისინი, ალბათ, არ შედიან ტალახიანი ფეხით შინ, რაღაც ზომებს მიმართავენ, მაგალითად, ჰოლში მაინც გამოიცვლიან დასვრილ ფეხსაცმელს, მაგრამ ტაძარში ტალახიანი ფეხით შესვლა მათთვის სრულიად მისაღებია. მითუმეტეს, რომ ავტორი სიუჟეტს ზუსტად ამ ფრაზით ამთავრებს – „არ არის აუცილებელი ბილიკი საკურთხევლამდე მიდიოდეს“. ბილიკები ტაძარში არ შედის და არაა ამის შეთხზვა საჭირო. ტაძრამდე კი ბილიკი იმიტომ უნდა მიდიოდეს, რომ იქ სუფთა ფეხით შევიდეთ. ეს ის არის, რაც ადამიანებს ხელგვეწიფება – დავიცვათ სისუფთავე, თორემ გულის და სულის სისუფთავეს რომ მივაღწიოთ, ღმერთი უნდა გახდეს ჩვენი შემწე – მარტონი ვერაფერს გავხდებით.
მახსენდება, ალავერდში დღესასწაულების ლიტანიობისთვის, ატალახებულ და გაველურებულ მდელოზე ნამჯას ვაფენდით, ტაძარში ფეხით ტალახი რომ არ შეგვეტანა.
აქ ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გავიხსენო. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მეუფე დავითი უდიდესი ძალისხმევით ცდილობდა, ის „საძაგელი მოოხრებისა“, რაც ძველ შუამთაშიც დაგვხდა, ცოტა მაინც მოეწესრიგებინა, თუნდაც იმით, რომ ეს ბილიკი გაკეთებულიყო, ერთი ქალბატონი, ისიც ძეგლის დაცვის მოტივით, ასევე გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა ბილიკის გაჩენის თემას, იქამდეც მივიდა, რომ მშენებლებს უთხრა, საკანალიზაციო ორმო ქვედა ნიშნულზე არ გააკეთოთ, თორემ ესენი (ეკლესიის მსახურნი) აქ მოვლენ და გამოიყენებენო. ამ ნათქვამს, ვფიქრობ, კომენტარი არ სჭირდება…
ძველ შუამთაში შესვლისთანავე, სიუჟეტის ავტორი მიუთითებს პატარა ნაგებობაზე, ბილიკზე, ნარგავებზე და დანანებით ამბობს, რომ აქ ეს არაფერი არ იყო. ღვთისმოყვარე ადამიანებს კი ძალიან უხარიათ, რომ არ იყო და ახლა არის. სიხარული გარკვეული უნარია, უფრო მეტიც – სულიწმიდის ნიჭია. ნამდვილად, ძალიან ვწუხვართ იმ ადამიანებზე, ვისაც არ უხარია აღდგენილი ეკლესია-მონასტრები.
„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“
სიუჟეტში ნახსენები იყო ზემო ხოდაშნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. კარგი და კეთილსინდისიერი იქნებოდა, უფრო დაწვრილებით მოეთხროთ ამ მონასტრის შესახებ. ეს არის ივირონის მონასტრის დედათა მეტოქიონი მე-12-მე-13 საკუნეების, რომელიც დღეს, მართლაც, სავალალო მდგომარეობაშია და სამწუხაროა, რომ არ მოინდომა გადამღებმა ჯგუფმა იქ მისულიყო. და რატომ არ მოინდომა? მარტივი მიზეზის გამო – მეწყერსაშიში ზონაა და გზა არ მიდის იქამდე.
ნანგრევებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მონასტერი ალავერდის მონასტერს სიდიდით მცირედით თუ ჩამოუვარდებოდა. მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ჩარევის გარეშეც კი მოჩანს მჭიდროდ განლაგებული იმ შენობა-ნაგებობების ნანგრევები, რომლებიც აუცილებელია სამონასტრო ცხოვრებისთვის. დღეს ტაძარიც და შენობა-ნაგებობებიც, თითქმის, დანგრეულია. სწორედ სულიერების გარეშე განადგურდა ეს მემკვიდრეობა!
მახსენდება, ძეგლის ერთმა „ქომაგმა“ უმნიშვნელოვანეს ქართულ ტაძარზე რომ თქვა – მე ეს ტაძარი ბავშვობაში დანგრეული მახსოვს და დანგრეული მიყვარსო… იქნებ იმიტომ, რომ მის სულიერ მდგომარეობასთან დანგრეული უფრო შესაბამისობაშია… მიუხედავად ამ ადამიანების დანგრეულისადმი სიყვარულისა, ეს ვერ იქნება არგუმენტი ეკლესიისთვის და ღვთისმოყვარე ერისთვის, რომ დანგრეული ტაძარი არ აღდგეს! ჰოდა, თუ ღმერთი ინებებს და ხოდაშნის უძველეს მონასტერში აღდგება სამონასტრო ცხოვრება, იქაც ისეთივე არასასურველები ვიქნებით ძეგლის „ქომაგებისთვის“, როგორც ახლა ვართ იმ მონასტრებში, სადაც ვართ. და მაშინაც ყვედრებას დაგვიწყებენ – გვეტყვიან: „ველური აურა“ გვერჩივნაო… ცილსაც მრავლად დაგვწამებენ. იმასაც არ მოერიდებიან თქვან, „სუპერმარკეტის გახსნის“ სურვილით აღადგინეს ეს მონასტერიო. ეს ნამდვილად ასე იქნება! თუმცა ჩვენ მაინც არ დავზარდებით და იქაც მივალთ, ღვთის სიყვარულის გამო.
ახალი ტაძრების მშენებლობის საკითხიც წამოიჭრა ამ გადაცემაში. ძეგლის „ქომაგები“ ეკლესიას იმასაც ყვედრიან – ძველს არ უვლის და ახალს აშენებსო. თურმე ტაძრები ისეთ ადგილას უნდა იყოს, სადაც უნდა იწვალო, რომ მიხვიდე… ის ძველი ტაძრები, სადაც ახლა წვალებით მივდივართ, მიუვალ ციხე-ქალაქებშიც, ყველგან ადამიანებისთვის შენდებოდა. დიახ, ტაძრები შენდებოდა ადამიანისთვის, რომელიც, როგორც მოციქული ამბობს, თავად არის „ტაძარი სულისა წმიდისა“. ამ ტაძრებში ადამიანებს ყველაზე მთავარი და ძვირფასი უნდა მიეღოთ, ქრისტეს სისხლი და ხორცი. და ყველაზე მთავარი აღსრულებულიყო – საღმრთო ლიტურგია. თორემ ისე ქვა ქვაზე არ დარჩება. ამისი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა და არა მხოლოდ ჩვენი. ამ ტაძრებს მორწმუნე ერი აშენებდა და როცა ერი ურწმუნოებისკენ მიიდრიკებოდა, მაშინ ინგრეოდა ტაძრები. ინგრეოდა ხან მტრის, ხანაც – საკუთარი ხელით. დიახ, ღვთის ყველა ტაძარს სარწმუნოება აშენებს და ურწმუნოება ანგრევს.
ამიტომ იქ, სადაც ახლა მჭიდრო დასახლებები გვაქვს და სიახლოვეს არ არის ძველი ტაძარი, აუცილებლად ახალი უნდა ავაშენოთ. და ის, რომ დღეს ზემო ხოდაშენში ახალი ტაძარი შენდება, სწორედ სარწმუნოების და ადამიანებზე ზრუნვის გამოვლინებაა. მართალია, მავანის გულთან უფრო ახლოსაა მიტოვებული, დანგრეული ნაგებობებით გარშემორტყმული ტაძრები, სადაც თურმე ბილიკიც არ უნდა მიდიოდეს, ველური და ხელშეუხებელი ბუნება უნდა იყოს… მაგრამ ეს მავანთა გულებია, რომელზეც სწორება ვერ გვექნება.
ძეგლების „ქომაგებისგან“ ესეც გვსმენია – თქვენ, მონაზვნებმა ახალი ტაძრები ააშენეთ, იქ წადით და ძველებს თავი დაანებეთო. ეწყინებათ, ალბათ, ზოგიერთებს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეკლესია, რომელიც არის მორწმუნე ერი და სასულიერო დასი ერთად, ახლებსაც ააშენებს და ძველებსაც ვერ დაანებებს თავს.
მოკლედ, აღადგენ – ვაია, არ აღადგენ – უია! ახალს თუ აშენებ – ძველს არ უვლი, ძველს თუ უვლი – რატომ უვლი… როგორც იტყვიან – „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“.
განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე გვეუბნება:
„ხოლო ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? მსგავსია ყრმებისა, რომლებიც სხედან მოედნებზე და უხმობენ თავის მეგობრებს და ეუბნებიან: გიკრავდით თქვენ და არ ცეკვავდით; ვგოდებდით თქვენთვის და არ გლოვობდით.
რადგან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულია;
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა“ (მათე,11, 16-19).
ლანდშაფტი და განყენებულად მდგომი თეთრი ალავერდი
ალავერდის მონასტრის ეზოში არის ბანერი, რომელიც გვეუბნება, თუ როგორ შეიძლება ნანგრევ ნაშთზე აღდგეს ნაგებობა – საპატრიარქო რეზიდენცია, რომელიც დასრულდება ახალი ტაძრით, ასევე, სად უნდა გაკეთდეს წყალკურთხევის (და არა ნათლობის, როგორც გადაცემაში ითქვა) ფიალა. ამ ბანერების მიხედვით ძეგლის „ქომაგებმა“ უკვე გამოაცხადეს, რომ ალავერდში უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ მხოლოდ მსჯელობაა ამ თემაზე. სიუჟეტის ავტორმა გულახდილად თქვა, რომ აბსოლუტურად არ ესმის, რისთვის არის საჭირო ალავერდის ეზოში ახალი ტაძარი. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ აბსოლუტურად არ გესმით, მაგრამ ეს ესმის მეუფე დავით ალავერდელს, რომელმაც ალავერდის მონასტერში იცხოვრა 30 წელი, როგორც ბერმა, როგორც ამ მონასტრის წინამძღვარმა და ალავერდელმა მღვდელმთავარმა. აქედან გამომდინარე, მან იცის ამ მონასტრისა და ეპარქიის საჭიროებები. თქვენ კი, შეუძლებელია, ეს იცოდეთ, რადგან მხოლოდ დროდადრო შემოივლით ხოლმე, „ასვეტილი ხომალდის“ (როგორც თქვენვე უწოდებთ ალავერდს) მშვენიერებით რომ დატკბეთ.
დავუბრუნდეთ ისევ ალავერდს და ყვედრების ქარცეცხლში გატარებულ აბბა ალავერდელ დავითს.
დღეს ალავერდის მონასტერში შესულმა ადამიანმა თვალები უნდა დაიბრმავოს, რომ იქ ვერანაირი სიკეთე ვერ დაინახოს, სასმენელიც უნდა დაიხშოს, რომ თუ ვერ ხედავს, არც მოისმინოს და არც გაიგოს… როგორმე უნდა დაივიწყოს, თუ როგორი იყო ალავერდი 30 წლის წინ, სწორედ მეუფე დავითის მოსვლამდე.
დამამახსოვრდა ფრაზა: „მწვანე მდელოზე დასმული ხომალდი – ამოსვეტილი ალავერდი!“ ეს მწვანე მდელო 30 წლის წინ გველების საბუდრად იყო ქცეული, ფეხის დადგმის რომ გვეშინოდა. სწორედ ამ ეზოში იყო მოწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკი (ერთ დროს მწნილის კასრებიც იდგა ტაძარში!) და უძველეს ქვევრებში დიზელი იყო ჩასხმული. ეს ის ქვევრებია, რომლებიც არქეოლოგების მუშაობის შემდეგ, მეუფე დავითმა მონასტრის სამუზეუმო ექსპონატებად გამოფინა, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია კი – ქართველ ერს აღუდგინა. ქვევრის ღვინო (ისე როგორც ქართული ანბანი) იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში რომ შესულიყო, ამ საქმეშიც მისი მთავარი თუ არა, უდიდესი წვლილია და ეს ბევრმა არც კი იცის, ისე ამაყობენ ქვევრის ღვინით და უძველესი ტექნოლოგიით. მეუფე დავითმა კი ამის წილ ბევრი ცილისწამება, ყვედრება, შეურაცხყოფა მიიღო, ბევრი ტკივილი არგუნეს, რომელსაც ატარებს ღვთის შეწევნით.
ზემოთ ხსენებული მწვანე მდელო, ვიღაცისთვის სანუკვარ „ველურ აურას“ რომ ქმნიდა, ყოველწლიურად ადიდებული მდინარით იტბორებოდა. ნესტი და წყალი ალავერდის ფრესკებისთვისაც ძალიან დამაზიანებელი იყო, ესეც არ ახსოვთ ან არ უნდათ, რომ იცოდნენ ძეგლის „ქომაგებმა“. ეს მხოლოდ მეუფე დავითის დიდი წუხილი იყო, ამიტომ კარდაკარ იარა სხვადასხვა ინსტანციასა და საელჩოში, იმ მდინარის კალაპოტი რომ გადაეტანათ და ალავერდისთვის კატასტროფული საფრთხე აერიდებინა. ახალი კალაპოტის ბეტონის კედლები და გაბიონი კი ზოგიერთმა ტელევიზიამ გააშუქა, როგორც ალავერდის ეზოში მიმდინარე მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა!!!
აქ სასტუმროს თემასაც შევეხები, ლანდშაფტსა და თეთრ ალავერდსაც.
სასტუმრო შენდება სოფელ ალავერდში და არა ალავერდის მონასტრის ეზოში, როგორც ამას წარმოაჩენდა ზოგიერთი მედიასაშუალება. ამ შემთხვევაში მათთვის ისიც კი მისაღები იყო, რომ რუსი ტურისტებისთვის ეკითხათ აზრი, საჭიროა თუ არა ალავერდის ეზოში მრავალსართულიანი სასტუმრო!!!
სასტუმროს პირველი სართული, იმ მიდგომით, რომელიც კერძო სექტორმა აირჩია, მთლიანად იქნება სოციალური ზონა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გრილი, გამწვანებული სივრცე. ამ სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვანია სოფელ ალავერდის განვითარებისთვის. სანამ სოფელი ალავერდი მისთვის შექმნილ სიკეთეს დაინახავს და იგრძნობს, მედიასაშუალებები და ვაიპატრიოტები არ იშურებენ ძალას, რომ სოფელი საკუთარი კეთილდღეობისა და ეკლესიის წინააღმდეგ განაწყონ. სასტუმრო არც ლანდშაფტს ანადგურებს! ისე, სჯობს დაველოდოთ, აშენდეს ეს სასტუმრო, იქნებ მაშინ მაინც დაინახონ ზოგიერთებმა, რომ ის არ უშლის ხელს ლანდშაფტის აღქმას.
პარადოქსია, როცა ლანდშაფტის განადგურებას აბრალებენ მეუფე დავითს, რომელმაც თბილისთან ახლოს ლანდშაფტური არქიტექტურის ერთ-ერთი ულამაზესი ნიმუში შექმნა და აუშენა მემკვიდრეობად ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩაკიდული თხემების წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანე. ალბათ, 50 წლის შემდეგ ძეგლის „ქომაგები“ იქ მცხოვრებ მონაზვნებსაც დაუწყებენ ბრძოლას ამ უნიკალური ძეგლის დაცვის მოტივით.
თეთრი ალავერდი – ამაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. შუამთის ისტორიული სამრეკლოს აივნიდან ჩანს ეს ულამაზესი ლანდშაფტი და დიდებული ალავერდი, რომელიც თეთრ გედს არის შედარებული. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი მკვლევარი და მოგზაური შუამთის სამრეკლოს აივნიდან გადაშლილ სურათზე წერდა: „და მე დავინახე ალაზნის ველის ფანტასმაგორია“. საერთოდ, შორიდან შირიმის ქვით ნაშენი ალავერდი ჩანს, როგორც თეთრი. ახლოდან ჩვენი ტაძრები თეთრი იყო მაშინ, როცა ეგზარქოსობის დროს ლესავდნენ და ათეთრებდნენ. ძეგლების ზოგიერთი „ქომაგი“ ისეთი თავდავიწყებით იწყებს თეთრ ალავერდზე საუბარს, გეგონება ეგზარქოსობის დროს მისტირის. აქვე ვიტყვი, რომ ალავერდის გუმბათი მიწისძვრის შემდეგ, ერეკლე მეფის დროს, აგურით არის აღდგენილი. მაშინ ძეგლთა „ქომაგები“ რომ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ალავერდის აღდგენის საქმე!
საერო სივრცეში ალავერდზე არავინ საუბრობს ისე, გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“ რომ არ ახსენოს. მეც მინდა გავიხსენო, რა გადმოსცა რჩეულიშვილმა – ცად აზიდული ალავერდი, განყენებულად მდგომი იმისგან, რაც მის გარშემო ხდებოდა. ჩვენც ასეთი დაგვხვდა, უფრო სწორად, წარმართული სულისკვეთება, თუ „ველური აურა“ უკვე მხოლოდ მის გარშემო კი არ სუფევდა, არამედ ტაძარშიც იყო შემოჭრილი უამრავი უგონოდ მთვრალი ადამიანის სახით და არამხოლოდ… ალავერდის გარშემო ცხვრები, მამლები, წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონელი დასეირნობდა – ზოგი პატრონთან ერთად, ზოგი – უპატრონოდ. ეს იმ მწვანე მდელოზე ხდებოდა, დღეს რომ მისტირიან ძეგლის „ქომაგები“. გალავნის გარეთ, იქ, სადაც დღეს მაწვნის სახლი და ხეხილის ბაღებია, ისხდნენ მოქეიფეები. მათ გარშემო კი ღორების კოლტები ნარჩენებისგან „ასუფთავებდნენ“ გარემოს. ეს 2005 წელს კარგად დააფიქსირა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა თავის სადიპლომო ფილმში „ალავერდობა“, იმ ცნობილ სიმღერასთან ერთად „აი ლოვ იუ გენაცვალე“, მონასტრის ეზოშიც რომ მღეროდნენ და გარეთაც.
მაშინ ვერ წარმოგვედგინა, ამ ადგილის კულტურულ გარემოდ გადაქცევა თუ იყო შესაძლებელი. მეუფე დავითი კი თანმიმდევრულად ახორციელებდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო იდეებს, რომელიც მას სულმდაბალმა ადამიანებმა „ბიზნესებად“ შეურაცხეს – იმ ადამიანებმა, რომლებიც თვითონ ამ ქვეყანას მხოლოდ ვაჭრის თვალით უყურებენ და არაფერი იციან ტკივილიანი სიყვარულისა და თავგანწირვის შესახებ.
ათას დოლარზე უფრო ძვირადღირებული მაწონი
მაწვნის სახლი ალავერდთან ზემოთ ხსენებული ველური გარემოს კულტურული გარემოთი ჩანაცვლების მიზნით აშენდა. ის, ამავდროულად, ქართული მაწვნის პოპულარიზაციასაც ემსახურება. ცნობილმა ქართველმა გერონტოლოგმა, აკადემიკოსმა სიმონ დალაქიშვილმა, შეისწავლა ქართული მაწვნის დედოს ფერმენტაცია. მან მხოლოდ მეუფე დავითს ანდო მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. ბატონი სიმონის მიერ დაპატენტებული ქართული მაწონი იაპონიაში გავიდა, საქართველოში კი ის მხოლოდ მაწვნის სახლში მზადდება და სურვილის შემთხვევაში იქ მის ისტორიასაც მოისმენთ. ასე რომ, ჩვენთვის ეს მაწონი, რომელსაც ათასდოლარიანი უწოდეს ამ გადაცემაში, გაცილებით უფრო ძვირფასი და ღირებულია, ვიდრე 1000 დოლარი.
მაწვნის სახლის უკან, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო, არაჩვეულებრივი ხედი იშლება საფერავის ზვრებით (მაწვნის სახლის გაფართოების სანაცვლოდ, რაც კომერციალიზაციის მიზნით, უკეთესი იქნებოდა), მაგრამ ეს დაუნახავი ხდება მათთვის, ვისაც ეკლესიის და ეკლესიის მოამაგე ხალხის გაკეთებული არაფერი მოსწონს!
ველურად ფეხქვეშ დაგებული კულტურული მემკვიდრეობა
ჩვენი ქვეყანა, როდესაც ტურისტები მოიპატიჟა და ტურიზმის აღორძინებას მიჰყო ხელი, მაშინ აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდა მოსულ ნაკადს. ჩვენ სწორედ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ეკლესია-მონასტრები დავუგეთ ფეხქვეშ მოსულ ტურისტს, რომელიც მოთარეშესავით იქცევა, როცა მოუვლელი და მიტოვებული ხვდება კულტურული მემკვიდრეობა. საქართველოს უმთავრესი საუნჯე, როგორიცაა ალავერდი, შუამთა და მრავალი სხვა, ათწლეულების მანძილზე მხოლოდ ერთი მუჭა მონაზვნობის დაცვის იმედად იყო მიტოვებული. ალავერდში ასეთი მცველი 30 წელია მეუფე დავითია.
ჩვენ მოვსწრებივართ ტუალეტების არქონის გამო არა მარტო გალანძღვას, არამედ ისიც ნანახი გვაქვს, მოსული ტურისტი, შინაური თუ გარეული, როგორ წაბილწავდა მონასტრის ტერიტორიას და ტაძრის კედელსაც კი… ეს მაშინ ხდება, როდესაც ეკლესია-მონასტრების გარშემო არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. როცა მეუფე დავითმა უდიდესი ძალისხმევით მიაღწია იმას, რომ ალავერდთან, ძველ და ახალ შუამთასთან და იყალთოსთან ტურისტებისთვის ტუალეტები აშენებულიყო, ესეც „ბიზნესად“ შეურაცხეს.
ძეგლის „ქომაგებს“ საერთოდ არ გაუხარდათ და არც კი დაინტერესდნენ, როცა, ისევ მეუფე დავითის თაოსნობით, იყალთოსთან მიწიდან ამოთხარეს და აღადგინეს წმინდა ნინოს უძველესი, მეცხრე საუკუნის საყდარი.
ხელების დაბანა სინდისს არ აწყნარებს!
როგორც ზემოთ ითქვა, ეს გადაცემა მეუფე დავითის უმოწყალო გასამართლება იყო. ამ სანახაობად ქცეულმა გადაცემამ პონტოელი პილატე გამახსენა. მან იცოდა, რომ ქრისტე უდანაშაულო იყო, არ უნდოდა მისი ხელით დასჯილიყო, მაგრამ ბრბოს მოთხოვნას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ხელები დაიბანა მათ წინაშე… თუმცა, ხელების დაბანა სინდისს არ აწყნარებს!
კიდევ ერთი ისტორია გამახსენა ამ გადაცემამ. იყო ასეთი ადამიანი ვარდენ ყიფიანი, ფსევდონიმით ღვანკითელი, ვინც აკაკისაც კი ეპაექრებოდა. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, როდესაც საქართველოს წმინდა პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წელს გენუის სამშვიდობო კონფერენციას მიმართა, ის დააპატიმრეს და სახალხო გასამართლება მოუწყვეს. მისი მაგინებლებიც მოძებნეს და იქ მიიყვანეს. ამ შეკრებაზე ღვანკითელიც აღმოჩნდა, სიტყვა ითხოვა და იმის ნაცვლად, ტრიბუნაზე ასულიყო, განცალკევებით მჯდომი პატრიარქისკენ წავიდა, დაიჩოქა მის წინაშე და მთელი ერის სახელით შენდობა სთხოვა. მან ისეთივე სულიერი არჩევანი გააკეთა, როგორც ასი ათასმა თბილისელმა მოწამემ…
ჩაფიქრებული მემკვიდრეობა
ეს სიუჟეტი წვიმიან დღეს გადაიღეს და სათაურად ნისლიანი მემკვიდრეობა დაარქვეს, ეტყობა, მხატვრულად უნდოდათ ეთქვათ. მეც ვაჟა გამახსენდა – „ნისლი ფიქრია მთებისაო“ რომ თქვა. ნამდვილად ჩაფიქრებული დახვდა ჩვენი მემკვიდრეობა ამ გადამღებ ჯგუფს. ნისლი ლამაზია სანახავად, მთავარია, გონებაში არ შეაღწიოს, რომ გონება არ დაინისლოს, არ დაიბინდოს. ის ხომ განათლებისთვისაა ღვთით მოწოდებული. იმ ნათლისთვისაა განკუთვნილი, ქრისტესი რომ ჰქვია და „განანათლებს ყოველთა“.
დაბინდული გონებისთვის არც ისაა ლამაზი და სასიხარულო, ნაგავსაყრელად ქცეული ალავერდის მიმდებარე ტერიტორია ახლა ბაღებად რომ იქცა. არც ზეთისხილის ბაღი მოსწონს, რომელიც იქ მას შემდეგ გაშენდა, რაც არქეოლოგიური სამუშაოს ჩატარების შედეგად ზეთისხილისგან ზეთის სახდელი მე-16 საუკუნის უძველესი ქვა აღმოჩნდა. არც ვაზის ამპელოგრაფიული მუზეუმის არსებობა ახარებს. ეს ყველაფერი კი სწორედ განათლებას ეძღვნება.
„უძვლო ენა“ იმის თქმასაც არ ერიდება, რომ მეუფე დავითმა, თურმე, საფლავებიდან მიცვალებულების ძვლები ამოყარა და საფლავის ქვები მწყობრად – „დომინოსავით“ დააწყო.
ფარდული, ვილა, დომინო, „ალექსანდრე ჭავჭავაძეს მოკითხვა გადავეცი“ – ეს ყველაფერი ისაა, რაც არ უნდა იკადრო ადამიანმა, მეტადრე, თუ კულტურის დაცვაზე გაქვს პრეტენზია და კულტუროლოგად იწოდები.
ალავერდში საფლავის ქვები მარტო მონასტრის ტერიტორიაზე კი არ იყო დაყრილი და გაბნეული, არამედ მიმდებარედ ფერმების მშენებლობისთვისაც კი გამოუყენებიათ, რამდენიმე ქვა ღორების ფერმის კედელში იყო ჩაყოლებული. იმ ადგილას ახლა მონასტრის მეფუტკრეობის სასწავლო ცენტრია.
მწყობრად დაწყობილ საფლავის ქვებთან კი უნდა მიხვიდე და წაიკითხო, რა წერია ზედ. ეს ქვები გასწავლის, რა ამაოა ეს ცხოვრება, მაცდური და წარმავალია საწუთრო. ერთზე წარწერაა – „დიდება მას, რომელმან დამამიწა…“ და გაიხსენებ, რომ მიწა ხარ და მიწად იქცევი და რომ წუთია ეს სოფელი.
განათლებაზეც ჩამოვარდა საუბარი გადაცემაში და მისმა მონაწილეებმა გაიხსენეს, რომ ეს სიტყვა თავის თავში ნათელს მოიცავს. დიახ, ქრისტეს ნათლით განათლებული ადამიანები იყვნენ შემდეგ სხვისი განმანათლებლები. „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“. ამ ნათლით შემოსილ ეკლესიას და ადამიანებს ყოველთვის დევნიდა ეს სოფელი. „უკეთუ მე მდევნეს, თქვენც გდევნენ!“
როგორი კანონებით გვინდა ვიცხოვროთ?!
მონაზვნობა სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ დაპირისპირებია, როცა ის უკიდურესად უსჯულო გზაზე დამდგარა მის მიერ მიღებული კანონებით. მაგრამ, რით შეიძლება დაუპირისპირდეს მონაზონი სახელმწიფოს ძალას? იარაღით?! უიარაღო შუამთელი ბერი ფილადელფოზ კიკნაძე (ასევე ნახსენები ამ გადაცემაში), რომელიც მთავარი იდეოლოგი იყო 1832 წლის აჯანყებისა, 100-მა რუსმა ჩაფარმა შეიპყრო შუამთის მონასტერში იმისთვის, რომ მან დაწერა „აკტი გონიური“, რომლითაც მეამბოხეები ხელმძღვანელობდნენ.
ის, რითაც სასულიერო პირი შეიძლება სახელმწიფოს პოლიტიკას დაუპირისპირდეს, მხოლოდ ღვთის სიტყვაა, რომელიც ყოველთვის ამხელდა და ამხელს ამსოფლიურ სულს.
ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა: „უფლება, რომ ღმერთი არ გწამდეს, კონსტიტუციით არის დაცული“. ეს საბჭოეთში ხდებოდა. მაშინ უღმერთო კანონები ეკლესიის განადგურებას და დაკაბალებას ემსახურებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც ბოლშევიკურმა მთავრობამ მიიღო, ეკლესიას უკრძალავდა მოწყალების გაცემას. შემდეგ, კანონის ძალით ეკლესიებიდან დაიწყეს მისი კუთვნილი ქონების ყაჩაღური გზით ამოღება. ამას შეეწირა ალავერდელი მღვდელმთავარი პიროს ოქროპირიძე, რომელიც ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ურემზე დააკრეს და მან იქვე, ალავერდის ეზოში განუტევა სული.
ამ და მსგავსი კანონებით მოაზროვნე ძეგლის „ქომაგები“, მოგვიანებით, 21-ე საუკუნის დასაწყისში, მეუფე დავითს გააფთრებით ებრძოდნენ, როცა ძველი შუამთის შესასვლელში მან „ბაში-აჩუკის ისტორიულ ქვევრად“ შერაცხილი „ნატვრის ქვევრი“ ამოიღო. ეს ქვევრი, შიგნით ფულის ჩაყრის შემთხვევაში, ვითომ სურვილებს ასრულებდა. დაახლოებით 2006-2007 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძეგლის დაცვის მოტივით საჩივარი შევიდა, სადაც მეუფე დავითს ამ ქვევრის ამოღებისთვის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში სდებდნენ ბრალს. იმავე წლებში მეუფე დავითმა ალავერდის ტაძრის იატაკიდან ამოიღო აგურის ფილა, რომელზეც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ამ ფილის დამგები ხელოსნის ხელი იყო აღბეჭდილი. ეს ხელი ზოგმა ერეკლე უფლისწულის ხელად შერაცხა („გმირთა ვარამის“ გავლენით), ზოგი ამ ხელს ისევ საკუთარი სურვილების აღმსრულებლად მიიჩნევდა. ძეგლების „ქომაგები“ კი უკმაყოფილო ადამიანების გვერდით იდგნენ და კვლავ უჩიოდნენ მეუფე დავითს, წერილებით, პასკვილებით, ლანძღვა-გინებით. აქ ერთი წმინდა მამის ცხოვრება მახსენდება, რომელიც აღშფოთდა, რომ ადამიანები, განხორციელებული ღმერთის შვილები, თაყვანს სცემდნენ და იმედით შეჰყურებდნენ ნატვრის ხეს და მოჭრა ის. ამის გამო ბრბომ ეს წმინდა მამა ქვებით ჩაქოლა.
წინა საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში მეუფე დავითი (მაშინ მამა ირაკლი) გარეჯის უდაბნოში რუსების პოლიგონს ებრძოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს და მის კულტურულ მემკვიდრეობას იცავდა. რას იფიქრებდა, რომ ძალიან მალე თვითონ მას შერაცხავდნენ კულტურული მემკვიდრეობის გამანადგურებლად და რუსულ საბჭოთა მანქანაზე არანაკლებ გააფთრებულ ბრძოლას გამოუცხადებდნენ ძეგლების დაცვის საბაბით.
2007 წელს ძეგლის „ქომაგების“ მხრიდან სასწრაფოდ მომზადდა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (ან გადმოწერილი იქნა რომელიმე ქვეყნის კანონი). ეს მოხდა საკონსტიტუციო შეთანხმების უგულებელყოფით, რომლის მიხედვითაც ეკლესია-მონასტრების მეპატრონედ საქართველოს ეკლესიაა აღიარებული, მოვლა-პატრონობა კი მას და სახელმწიფოს ერთად ევალება. კონკორდატის ქვემდებარე აქტები ჯერ კიდევ დასამუშავებელია და არც კულტურული მემკვიდრეობის კანონია გამართული ისე, რომ მან არც ეკლესია დააზიანოს და არც კულტურული მემკვიდრეობა.
საბჭოთა კავშირში მოინდომეს საბჭოთა ადამიანის ტანსაცმლის უნივერსალური თარგი შეექმნათ, რომელიც 15 საბჭოთა რესპუბლიკის ყველა ეროვნების ადამიანს მოერგებოდა. ექსპერიმენტი არ გამოვიდა, რადგან ეს ტანსაცმელი არავის არ მოერგო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონიც ასევე ვერ იქნება უნივერსალური. ჩვენს ეკლესია-მონასტრებთან მიმართებაში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ამიტომ საჭიროა ამ კანონზე სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებმა ეკლესიის კომპეტენტურ პირებთან ერთად იმუშაონ.
სამწუხაროდ, თავისი პროფესიისთვის მებრძოლი ადამიანები (როგორც ამას თვითონვე აღნიშნავენ), უმეტეს შემთხვევაში, ნამდვილად არ იბრძვიან საქართველოს ეკლესიის სიკეთისთვის.
კანონები, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები, ვიღებთ, იწერებოდა, გადაიწერებოდა და კიდევაც გადაიწერება. ხანდახან არის, რომ ჩვენს ქრისტიანულ სჯულთან თანხმობაშია ეს კანონები, ხანდახან კი – ეწინააღმდეგება. საზოგადოებაში მუდმივად ისმის კითხვა: როგორი კანონებით გვინდა ვიცხოვროთ?! ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეკულარულ სახელმწიფოებში, პარლამენტების მიერ მიღებული კანონების გარდა, არსებობს კიდევ უზენაესი კანონი, რომლის მიხედვითაც მოგველის ყველას პასუხისგება ღვთის წინაშე და ამას ვერავინ გავექცევით.
ავთენტურზე უფრო ძვირფასი
ის სიუჟეტი, რომელმაც გვიბიძგა ეს წერილი დაგვეწერა, კვეტერით მთავრდება. ფეხით ასული ავტორი, საკუთარი დაღლით ნასიამოვნები, მოგვიწოდებს, რომ ჩვენც დავიღალოთ და ისე მივიდეთ ტაძარში… საკუთარი დაღლა ასეთი დასაფასებელია მისთვის! 30 წელზე მეტი ქვეყნისთვის დამაშვრალი მღვდელმთავრის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის დაღლა და თავგანწირვა კი ერთი ხელის მოსმით მოინდომეს წყალში გადაეყარათ. სიუჟეტი იმით მთავრდება, რომ არ არის სასურველი, გამართული ინფრასტრუქტურა მივიდეს საკურთხევლამდე, ველური განაშენიანება უფრო სასარგებლოა ძეგლისთვისო… ამის ფონზე ისიც ითქვა, კვეტერა ჩემთვის აშენებული მგონიაო… დიახ თქვენთვისაც არის აშენებული, რომ იქ საღმრთო ლიტურგიაზე მიდიოდეთ, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდეთ და პირადი ურთიერთობით ღმერთთან, ცათა სასუფეველი იგრძნოთ თქვენს გულებში. ხოლო იმისთვის, რომ იქ საღმრთო ლიტურგია აღესრულებოდეს, რაც ცისა და დედამიწის შეერთებაა, ველურობა უნდა დავტოვოთ და ქრისტიანობას შევუერთდეთ. ის კი, ვინც ერთხელ იპოვის ქრისტეს, ველურობისკენ მიქცევის სურვილს ტოვებს და მემკვიდრე ხდება.
შუამთის მონასტრის სიძველეთსაცავში მონასტრის ტერიტორიაზე ნაპოვნი ყველა ნივთი ინახება: უამრავი ხელითნაჭედი ლურსმანი, მოჭიქული კრამიტის ნამტვრევები, კედელში ჩაყოლებული ფრესკის ნაწილები, ბოქლომი, შვეული, ისრის პირი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე სიტყვა „ავთენტურმა“ შეიძლება გამოხატოს. ეს იმიტომ, რომ ამ ნივთებს ის ადამიანები ეხებოდნენ, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ შუამთის მონასტერში, შრომობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ. ჩვენ მათი მემკვიდრეები ვართ!
ქრისტიანები იმ ღმერთის შვილები ვართ, რომელიც ჯვარზე გაკრული მტრებისთვის ლოცულობდა – „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ჯვარცმულმა ქრისტემ მთელი კაცობრიობა გულში ჩაიკრა. ჩვენც გვაქვს სურვილი მას ვბაძავდეთ. ამიტომ სიყვარულით და იმედით ველოდებით ძეგლის ყველა ქომაგს, რომ იქნებ, ვეცადოთ და გავერთიანდეთ. ის, რაც ჩვენი სულებისთვის სასიკეთო იქნება, ძეგლსაც არგებს – სიცოცხლეს მიანიჭებს.
ფეისბუქის პოსტების კითხვას მიჩვეული ადამიანებისთვის ამ ვრცელი წერილის წაკითხვა, შეიძლება, რთული იყოს. ისიც გვესმის, რომ ღვთისმებრძოლობის ზვავიც მოწყვეტილია და „ბოროტებაც ამოვიდა თავისი ხვრელიდან“.
ამსოფლიური ცხოვრების უდაბნოში ეკლესიის დიდი მამების ხმაც კი ყოველთვის იყო „ხმა მღაღადებელისა უდაბნოსა შინა“. და მიუხედავად ამისა, მაინც გვადარდებს მემკვიდრეები იმ მცირე სამწყსოდან, რომელთაც ცოდვის წყვდიადით მოცულ დედამიწაზე მოუწევთ ცხოვრება. მათ ვეხმიანებით, სიფრთხილისა და სიფხიზლისთვის. ჩვენს მოძღვარს მეუფე დავითს კი მადლიერების გრძნობით შენდობას ვთხოვთ“, – აღნიშნულია ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია იოანას წერილში.