შეხვედრის მონაწილეები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” არასააღსრულებო სერვისების განახლებულ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ უპირატესობებს გაეცნენ. ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ დუნდუამ ყურადღება გაამახვილა იმ მექანიზმებზე, რომლებიც მოქალაქეებს, ბიზნესსუბიექტებსა და საჯარო უწყებებს სამართლებრივი და ფინანსური რისკების შემცირებაში, დროისა და რესურსების დაზოგვასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში ეხმარება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბიუროს სამი სერვისი: ქონების შეფასება, გამარტივებული საქმისწარმოება და ფაქტების კონსტატაცია.
ქონების შეფასების სერვისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას უზრუნველყოფს.
მონაწილეებს გააცნეს შეფასების დასკვნის სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სამართლებრივ, სადაზღვევო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით გამოყენების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ დასკვნის მიღება დაჩქარებული წესით, 3 სამუშაო დღეშიც არის შესაძლებელი.
გამარტივებული საქმისწარმოების შესახებ პრეზენტაცია ფულადი მოთხოვნების სასამართლოს გარეშე, გამარტივებული პროცედურით დაკმაყოფილების მექანიზმებს დაეთმო. განხილული იყო მომსახურების ძირითადი უპირატესობები - დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვა და მოთხოვნის ეფექტიანად დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
მონაწილეები ასევე გაეცნენ ფაქტების კონსტატაციის სერვისის პრაქტიკულ დანიშნულებას, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად დაფიქსირებასა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებას უზრუნველყოფს. განიხილეს მოქალაქეების, ბიზნესსუბიექტებისა და საჯარო უწყებების საქმიანობაში ამ მომსახურების გამოყენების კონკრეტული შემთხვევები.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა. თემატური პრეზენტაციების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები. მსჯელობა შეეხო საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და არასააღსრულებო სერვისების გამოყენების პერსპექტივებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხუბულავა, თავმჯდომარის მოადგილეები - გივი დოლიძე, ნუგზარ დუნდუა და დავით ციციშვილი, ასევე საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა ბიზნესკომპანიების, იურიდიული ფირმების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები.
აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს არასააღსრულებო სერვისების განვითარებასა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.
ინფორმაციას იუსტიციის სამიისტრო ავრცელებს.








