აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება. შესაბამისი ცვლილებები – „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების მიხედვით, აღსრულების პოლიციელებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებები შემოდის და შრომის ანაზღაურება წესრიგდება.
კერძოდ, აღსრულების პოლიციელები შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ, რომელთა ოდენობას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. პროექტით კონკრეტდება ისიც, რომ ისინი საკლასო დანამატს არ მიიღებენ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებიც მოწესრიგდება. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა – 15 000 ლარის ოდენობით (10 000 ლარის ნაცვლად).
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს – 30 000 ლარის ოდენობით.
პროექტის მიხედვით, აღსრულების პოლიციელი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარს მიიღებს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარს, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარს.
კანონპროექტში გარდამავალი დებულების სახით განსაზღვრულია, რომ აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნებიან.




