გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,96 ქულა მიიღო და მსოფლიოს 166 ქვეყნის და ტერიტორიის გლობალურ რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის 38-ე ადგილზე გავიდა
აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად შესაძლებელია ხორციელდებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამართლებრივი მეთვალყურეობა მართლმსაჯულების, კონტროლის და უფლებადაცვის საზედამხედველო სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.
საქართველოს 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მიხედვით მსოფლიოში 73-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: იაპონიას, კანადას, ესპანეთს, ირლანდიას, პორტუგალიას, ლუქსემბურგს, პოლონეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.