სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ყოველი წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფსიქიკურ ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აქტორების, მათ შორის, მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინდივიდების ძალისხმევის გაერთიანება.
წელს მთავარ პრიორიტეტად დასაქმების ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა გამოცხადდა[1] და განსაკუთრებული ყურადღება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სამუშაოს შორის სასიცოცხლო კავშირზეა გამახვილებული.
თანამედროვე სამყაროში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, უმნიშვნელოვანესია გამომწვევი ფაქტორების მაქსიმალურად შემცირება და პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.
არაჯანსაღი სამუშაო გარემო, მათ შორის, სტიგმა, დისკრიმინაცია, შევიწროვება და სხვა არასათანადო სამუშაო პირობები მნიშვნელოვან რისკს უქმნის ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მისი ცხოვრების ხარისხს.
საქართველოში წლების განმავლობაში არსებული მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ამ დრომდე მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია საწოლ ფონდის დეფიციტთან და თანამედროვე თემზე დაფუძნებული სერვისების ნაკლებობასთან. არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დაწესებულებების დიდ ნაწილში გამოკვეთილი მძიმე თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და პაციენტთა ღირსეული მკურნალობის პირობებს. თემზე დაფუძნებული ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისები გეოგრაფიულად არათანაბრადაა განაწილებული და სრულად ვერ ფარავს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირს.
ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები ყველაზე ხშირად ხდებიან სტიგმის, უთანასწორო მოპყრობისა და სიძულვილის ენის სამიზნე, რაც ართულებს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.
გამოწვევას წარმოადგენს შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზებაც, მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. საქართველოში არ არის განვითარებული რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რესოციალიზაციას, დასაქმებასა და სოციალურ ინტეგრაციას. ქმედუნარიანობის რეფორმის პრაქტიკაში აღსრულება არ შეესაბამება შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნებს. არსებული კანონმდებლობა კვლავ უშვებს ზოგიერთ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღებ პირთათვის დასაქმების შაბლონურად აკრძალვას.
არსებული გამოწვევების პარალელურად, გაძლიერებას და პრაქტიკაში ეფექტიან დანერგვას საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენციისადმი მიმართული ღონისძიებები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად და გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენციისთვის სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, დასაქმების ადგილებზე. ამ მიზნის მისაღწევად სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა მიმართოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სტიგმის შემცირებისკენ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა აქტიური ჩართულობით იმუშაოს დამსაქმებლებთან, დასაქმების ადგილზე. ასევე, არ დაუშვას ისეთი რეგულირებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას." - ნათქვამია სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში.