სამეგრელოს ყოფილი კუდის უფროსი რუსლან შამახია გაათავისუფლეს.- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. 

"4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ.

რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა. 

რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ  ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე  საცხოვრებელი  ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ­– დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე  გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები."- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.