იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა

რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წელამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვას და სხვა საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა UNICEF-ის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდა მსჯავრდადებულთა უფლებრივ საკითხებზე, მათ შორის, განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც, სხვებს შორის, ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ უზრუნველყოფს; ასევე, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში.

რატი ბრეგაძემ იესპერ მოლერს ბავშვთა უფლებების საკითხებზე ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება შესთავაზა.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.