საქართველოს პროკურატურის განცხადება

"საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი  განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აცხადებს, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ.

„პერსონიფიცირებას თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. დღეს წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი რჯული დასჯისო ადამიანს ისე, თუ არ მოუსმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, შიდა ოჯახის რაღაც და ეს პიროვნება ჰყავდათ, არ მინდა, რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის  „დავერბორკებული“, არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი, რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისგან. ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები, ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც გახდება ცხადი. მე მივეცი შანსი, რომ მას შეენანებინა, ეღიარებინა. არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან ორი თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან. ალბათ რომ ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე. როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა და როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი, შემხვდა და მომიყვა ყველაფერს.

ხლა ეს ადამიანი ერთ კაცს მიგზავნის, რაღაცით  ვითომ მაშანტაჟებს, მეორე პიროვნებას მიგზავნის, რომ მომიშვი და ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მე არ მჯერა მაგისი, აღარაფრის, ერთი სიტყვისა და მესამე სიტყვით, ვითომ საპატრიარქოში მიდის საჩივლელად. არსებობს კანონიკური სამართლის ნორმები. მე, როგორც ამ ეპარქიის მსაჯულმა და მღვდელმთავარმა, მას გამოვუტანე განაჩენი და დაუმტკიცდა ის, რასაც მე ვიძახი. მას არ აქვს უფლება, პიროვნულად შეხვდეს თუნდაც ქორეპისკოპოსს, ან რომელიმე მღვდელმთავარს, მას შეუძლია მხოლოდ მიმართოს სინოდალურ სხდომას, დაწეროს ოფიციალური განცხადება, თუ გამართლდება, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას და თუ არ გამართლდება, მე გამოტანილი მაქვს უკვე მისთვის განაჩენი“.