თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა სხვიტარიძე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2025 წლის 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო '„მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მირიან ქავთარაძეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მას ბრალდება დაუზუსტდა და დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.