თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი 4 ქართველი მოსამართლეს, როლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა, სოციალური ქსელით მიმართავს და წერს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ტროიკად" მოიხსენიებს.
"იცით ბიძინა ივანიშვილი როგორ მოგიხსენიებთ?
ლევან მურუსიძე - მასვი, მაჭამე მალხინე.
ვალერი ცერცვაძე - გაიძვერა.
მიხეილ ჩინჩალაძე - ამან ლაპარაკი იცის თუ ....... (მე მგონი "თუ" ს ეძახის)
სამივეს ერთად - ტროიკა.
ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი(საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.რედ.) სხვა ძმანნი მათნი - თქვენ საერთოდ არ გიცნობთ, თქვენი არსებობაც კი არ იცის. თქვენ "ტროიკას" მოყოლილი აქსესუარები ხართ მისთვის." - წერს მამუკა ახვლედიანი.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ