თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს  11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

თანხის მითვისების ნაწილში, ბაჩიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასამართლომ საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით მიუსაჯა. 

გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. 

სახელმწიფოს ბრალდების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   საქართველოს დატოვების შესახებ განცხადება გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში ორ საქმეზე იყო ბრალდებული. ერთი ეხება ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, მეორე კი – „მტკვარი ჰესის“ საქმეს.