საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული.  2022 წლის ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა  3941 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89%  შეადგინა, - ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის  9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


„2014-2021 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან სასამართლომ2022 წლის 9 თვეში დააკმაყოფილა 57%.“-აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

გენერალური პროკურორის მოადგილის  განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.

გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა ქალთა მიმართ  ძალადობის, ოჯახური  და სქესობრივი დანაშაულების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის  სამომავლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. 

მისი განცხადებით, წინა წლების მსგავსად ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  და  პროკურატურა შემდგომი წლების განმავლობაში განაგრძობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად.
გარდა ამისა, გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შესახებაც, რომლის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. მან ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის ხელშეწყობას.