დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დღეს მასზე განხორციელებული თავდასხმა 2021 წლის სექტემბრის მოვლენების გაგრძელებაა. მისი თქმით, ეს თავდასხმები „დაუსჯელობის სინდრომის" შედეგია.
„გამოძიებას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტული პირები, ორგანიზატორები ვინ იყვნენ - თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი ამ თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება.
დარწმუნებული ვარ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, მალე, დადგება ის პერიოდი, დაუსჯელობის სინდრომი არ იქნება მასტიმულირებელი ადამიანებისთვის, თუ რომელიმე მმართველი პოლიტიკური ძალის ინდულგენციები, რომ ეს ადამიანები არ ისჯებოდნენ და დანაშაულებს ჩადიოდნენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების განვითარება იგეგმებოდა და იმის გაგრძელება. დღესაც ვადასტურებ და ვაცხადებ, რომ იგივე ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან.
სროლის არავის არ ეშინია და სროლებით არ გვარდება ეს საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს სხვა ფორმით. ფორმა არის ერთადერთი - თუ ადამიანებს აქვთ ინდულგენციები მმართველი პარტიის მხრიდან, ისინი დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობენ. სხვები მაგალითს იღებენ და შესაბამისად, ქვეყანაში იქმნება ისეთი ფონი, როგორიც არის დღეს", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილს მერს, გიორგი ტატუნაშვილის, ავტომობილით გადაადგილების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.