რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი, - ამის შესახებ 35 წლის ზურაბ ალადაშვილმა, რომელიც დის მკვლელობაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც განმარტა, რომ არ ახსოვს, თუ რა და როგორ მოხდა.
ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განმარტებით, ბრალდებული მომხდარს ძალიან განიცდის და შოკირებულია. „ბრალდებულს გვიან ღამით შევხვდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადამიანი განადგურებულია, ამბობს, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, რაც არ უნდა მომისაჯონ, ის ჩემთვის აღარაფერი იქნებაო. თავს არ იძვრენს ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამ ეტაპისთვის მას ყველაფერი ზედმიწევნით არ ახსენდება და ამიტომ ვერ ამბობს, რომ დაულაგებელი და უაზრო ნათქვამი არ გამოუვიდეს. როცა დროებითი მოთავსების იზოლატორში შევედი, ვუთხარი, ძალიან გთხოვ, სიმართლე მითხარი, რადგან შენ ისეთ სიტუაციაში ხარ ჩავარდნილი, მხოლოდ სიმართლე გადაგარჩენს-მეთქი, მაგრამ იფიცება, რომ არ ახსოვს, ალბათ, დადგება, როცა გაახსენდება მომხდარი. მის ინტერესში შედის, ყველაფერი გაიხსენოს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ,   დის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო.  განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.