ბათუმის საქალაქო სასამართლომ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა
1657108828
ბიზნესმენს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებიან. იგი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა.
ბრალდებულმა მოსამართლეს განუმარტა, რომ მარიხუანა მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და საკითხს გაასაჩივრებს.
ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. თენგიზ კახიძის თქმით, ბიზნესმენის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა, მათ შორის არც მარიხუანა.
შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქი ''მეტრო ჰოლდინგის'' შენობაში, 31 მაისს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, 7 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს.
თურქული მედიის ცნობით, 2018 წელს, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორიაა".




