საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არტ-ნამუშევრების კონკურსს “არა ფემიციდს” აცხადებს.
არტ-ნამუშევრების კონკურსი 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები (ნახატი, ქანდაკება, ფოტოსურათი და სხვა კომპოზიცია). საკონკურსო ნამუშევარი ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე უნდა იყოს შესრულებული. საკონკურსო ნახატის ან/და ფოტოსურათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 60/80 სმ-ს. არტ-ნამუშევარი შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. კონკურსზე წარმოდგენილ არტ -ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN. არტ-ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 14 ნოემბრამდე მისამართზე თბილისი, გორგასლის ქ.№24. (საქართველოს გენერალური პროკურატურა). საკონკურსო ნამუშევრის წარმოდგენისას მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორს ხატია ბაშარულს - khbasharuli@pog.gov.ge; ტელ. 032 2 2 40 51 05